"ქართული ოცნება" საკრებულოში უმრავლესობას მუშტით და თუმნიანით აგროვებს"

თბილისის საკრებულოს წევრის თემურ გრიგალაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" საკრებულოში უმრავლესობას მუშტით და თუმნიანით აგროვებს. 

ამის შესახებ გრიგალაშვილმა კოკი იონათამიშვილის მიერ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დატოვებისა და საკრებულოში "ნაციონალების" მიერ უმრავლესობის დაკარგვის კომენტირებისას განაცხადა.

"ყველა ადამიანი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას და აკეთებს იმას, რასაც თვითონ თვლის საჭიროდ. ჩვენი ცხოვრება პოლიტიკით არ დაწყვებულა და მე დარწმუნებული ვარ, პოლიტიკით არც დამთავრდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, მე ერთხელ განვაცხადე, რომ ისინი თავიანთ უმრავლესობას აგროვებენ ორი რამის გარშემო – ეს არის მუშტი და თუმნიანი. ამ აზრზე ვრჩები ახლაც", - განაცხადა გრიგალაშვილმა.