პარლამენტის დარბაზების აღსადგენად კომპანია პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეირჩევა

პარლამენტის დარბაზების აღსადგენად კომპანია პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეირჩევა

რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობის C კორპუსის სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. ამასთან, პარლამენტის აპარატი შესყიდვების გამარტივებული წესით , პირდაპირი მოლაპარაკების გზით იმ ფირმას ეძებს, რომელიც სხდომათა დარბაზების აღდგენა-რეკონსტრუქციას განახორციელებს. 

გარდა ამისა, გამოცხადებულია კონკურსი C კორპუსის საძირკვლის გამაგრების პროექტირებაზე, რომლის შედეგებსაც პარლამენტის აპარატს დაახლოებით ერთ კვირაში ჩააბარებენ.
პარლამენტის შენობასთან დაკავშირებულ ამ პროცესებზე "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე შოთა გოშაძე ესაუბრა.

გოშაძის ცნობით, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, რომელიც პარლამენტის ჩ კორპუსში მიმდინარეობს და, რომელსაც ფირმა "ორნამენტი" ანხორციელებს, 19 ივნისს დასრულდება.

მისივე თქმით, გამოცხადებულია კონკურსი ჩ კორპუსის საძირკვლის გამაგრების პროექტირებაზე და შედეგებზე პასუხს დაახლოებით ერთ კვირაში ჩააბარებენ.

რაც შეეხება სხდომათა დარბაზების აღდგენა-რემონტს, აქ შედის: პლენარულ სხდომათა დარბაზის, კინოდარბაზის, ილია ჭავჭავაძისა და პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზების რეკონსტრუქცია და ტექნიკური აღჭურვა. როგორც ცნობილია, აღნიშნულ სამუშაოებზე პარლამენტის აპარატმა ტენდერი აპრილის დასწყისში გამოაცხადა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა. ტენდერით გათვალისწინებული სამუშაობის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა არც ერთმა ფირმამ არ აიღო, რაც ძირითადად, გახმოვანების სისტემების დამონტაჟების სირთულეს უკავშირდებოდა.

ახლა უკვე არსებობს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განკარგულება, რომელიც ამ მიმართულებით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული წესით განხორციელებას ითვალისწინებს.

კერძოდ, ივანიშვლმა 13 ივნისს გამოსცა განკარგულება, რომლის საფუძველზეც პარლამენტის აპარატს სხდომათა დარბაზების ადგენა-რეკონსტრუქციის, ავეჯის, განათების, საკონფერენციო და კენჭისყრის, გახმოვანებისა და სინქრონული თარგმნის, სტენოგრაფირების, ვიდეოჩანაწერის, ვიდეოკონფერენციის, საპროექციო და ვიზუალიზაციის სისტემების გამარტვივებული შესყიდვის შესაძლებლობა მიეცა.

"მიმდინარეობს ფირმების მოძიება, ვინც ამ სამუშაოებს ხარისხიანად და სრულყოფილად შეასრულებს. როგორც ვიცი, სამშენებლო კომპანიები, გახმოვანების კომპანიები, ვისაც შეუძლია მსგავსი რამ გააკეთოს, დამოუკიდებლად, ერთმანეთს შორისაც თანამშრომლობენ, რომ ერთობლივად აიღონ ეს პროექტი. ჩვენი მხრივ ხელშეკრულებას ერთ კონკრეტულ ფირმასთან დავდებთ, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პროექტით გათვალისწინებულ ყველა სამუშაოს ჩაბარებაზე", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" შოთა გოშაძემ, რომლის ვარაუდითაც, სხდომათა დარბაზების აღდგენას დაახლოებით ოთხი თვე დასჭირდება.

პარლამენტის შენობის აღდგენისათვის ჯამში 10 მილიონი ლარია განსაზღვრული. აღნიშნული თანხის ფარგლებშიც გათვალისწინებულია ყველა ზემოთაღნიშნული სამუშაოს შესრულება.

"ეს თანხა ყველანაირად გვეყოფა. ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი გაკეთდეს ხარისხიანად, ეკონომიურად და თან გამჭირვალედ", - დასძინა გოშაძემ.