ზურაბ ტყემალაძე:   მზად ვართ და ირანელებიც გახსნილი არიან, რომ კეთილსინდისიერი ბიზნესთანამშრომლობა შედგეს

ზურაბ ტყემალაძე: მზად ვართ და ირანელებიც გახსნილი არიან, რომ კეთილსინდისიერი ბიზნესთანამშრომლობა შედგეს

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ნებისმიერი ანგარიშის გაყინვას თავისი საფუძველი აქვს. 

ზურაბ ტყემალაძე ამით საქართველოში 150-მდე ირანული ანგარიშის გაყინვის თემას გამოეხმაურა. როგორც ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, ამით ურთიერთობა არ გართულდება.

"ნებისმიერი ანგარიშის გაჩერებას თავისი მიზეზი და საფუძველი აქვს. ჩვენ მზად ვართ და ირანელებიც გახსნილები არიან, რომ კეთილსინდისიერი ბიზნესთანამშრომლობა შედგეს", - განაცახადა ზურაბ ტყემალაძემ.

დეპუტატი საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" მიმდინარე საქართველო-ირანის ბიზნეს ფორუმს ესწრება. როგორც ტყემალაძემ აღნიშნა, დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილია საინტერესო პროდუქცია.

დეპუტატის განცხადებით, როგორც ქართული, ასევე ირანული მხარე მოწადინებულია ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობა გაღრმავდეს.

"გვაინტერესებს მათი მიღწევები, მოწვეულები არიან მეწარმეები და ამის შემდეგ გარკვეული ურთიერთობები დაიგეგმება", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

რამდენიმე ხნის წინ უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა სტატია, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველო, ამერიკის სანქციების მიუხედავად, ირანულ ბიზნესს არ ზღუდავს. ამ თემის კომენტირებისას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ საქართველოში 150-მდე ირანული ანგარიშია გაყინული.