მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას ოქტომბრის ბოლო კვირის ფარგლებში გეგმავს

მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას ოქტომბრის ბოლო კვირის ფარგლებში გეგმავს

მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას ოქტომბრის ბოლო კვირის ფარგლებში გეგმავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" დიპკორპუსთან და საერთაშორისო პარტნიორებთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა, პრეზიდენტი მათთან შეხვედრებისას, არჩევნების დანიშვნის სავარაუდო თარიღად ოქტომბრის ბოლო რიცხვებს ასახელებს. წყაროს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების ოქტომბრის ბოლოს ჩატარების გეგმა ვილნიუსის სამიტს უკავშირდება, რომელიც 28-29 ნოემბერს იმართება.

"პრეზიდენტი სააკაშვილი უცხოელებთან შეხვედრებისას აფიქსირებს, რომ სურს ვილნიუსის სამიტზე პრეზიდენტის რანგში ჩასვლა. ამიტომაც არჩევნების დანიშვნის პერიოდად ოქტომბრის ბოლო კვირას განიხილავს", - აცხადებს "ინტერპრესნიუსის" წყარო.

კონსტიტუციის თანახმად, მოქმედ პრეზიდენტს საპრეზიდენტო უფლებამოსილება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან უწყდება. ინაგურაციის ცერემონია კი, პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს იმართება, თუმცა მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო უფლებამოსილება რამდენიმე კვირით გაუხანგრძლივდება, თუკი არჩევნების შედეგები სადავო გახდება, დავა სასამართლოებში გადაინაცვლებს და სადავო გახდება ცესკოს შემაჯამებელი ოქმიც.

აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება "ინტერპრესნიუსმა" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სცადა, თუმცა, მისი დაზუსტება - უარყოფა ან დადასტურება, ვერ შეძლო.