თბილისის მერიის მაღალჩინოსნებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის მერიის მაღალჩინოსნებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის მერიის მაღალჩინოსნებს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა, თავდაპირველად, მოსამართლე მადონა მაისურაძემ აღნიშნა, რომ ოთხივე ბრალდებულის დაკავება მოხდა მთელი რიგი საპროცესო ნორმების დარღვევით, რის გამოც მან ისინი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ამის შემდეგ ბრალდებულებმა დავით ალავიძემ, ალექსი თაბუაშვილმა, დავით ავალიანმა და დიმიტრი ჩხეიძემ ბრალდებულის სკამიდან დარბაზში გადაინაცვლეს.

შესვენების შემდეგ კი მოსამართლე მადონა მაისურაძემ გამოაცხადა განჩინება, რომლის თანახმად ოთხივე ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, ეს იყო სამართლებრივი მაქინაცია, რომელიც დღეს განხორციელდა. მისი შეფასებით, არანაირი საფუძველი არ არსებობდა იმისა, რომ საქმე განეხილა რუსთავის სასამართლოს. თბილისის მერმა ეჭვი გამოთქვა, რომ პროკურატურის მხრიდან სასამართლოზე იყო გარკვეული ზეწოლა, თუმცა, აღნიშნულის მტკიცებულებები ამ ეტაპზე არ აქვს.

ოფიციალური ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი, მთაწმინდა-კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე 28 ივნისს დააკავა. ამასთან, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი საბანაძის მიმართ გამოტანილია დადგენილება, ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ.