ვაჰაგნ ჩახალიანი - ჩემი ძმის დაკავება პოლიტიკური მოტივებით განხორციელებული პროვოკაციული მოქმედებაა

ვაჰაგნ ჩახალიანი - ჩემი ძმის დაკავება პოლიტიკური მოტივებით განხორციელებული პროვოკაციული მოქმედებაა

ვაჰაგნ ჩახალიანი მიიჩნევს, რომ მისი ძმის დაკავება "პოლიტიკური მოტივებით განხორციელებული პროვოკაციული მოქმედებაა. ამის შესახებ ნათქვამია ვაჰაგნ ჩახალიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისი თქმით, 28 ივნისს, ნინოწმინდის რაიონის სოფელ გონდურაში მომხდარი ინციდენტის დროს სპეცრაზმელებმა მისი ძმა, არმენ ჩახალიანი დააკავეს.

"კანონის წინაშე ყველა თანასწორია. თუმცა, ჩემი ძმის დაკავებასთან დაკავშირებული გარემოებები საფუძველს მაძლევს, ვამტკიცო, რომ მომხდარი თვალსაჩინო პოლიტიკური მოტივებით განხორციელებული პროვოკატორული მოქმედებაა, რომლის ავტორები გახლავთ სააკაშვილ–მერაბიშვილის ნების ყოფილი შემსრულებლები, რომლებიც ჯერაც გარკვეულწილად ინარჩუნებენ გავლენას ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებში", - აცხადებს ჩახალიანი.

მისი თქმით, მას აქვს იმის მტკიცების საფუძველი, რომ ასეთი პროვოკაციული ნაბიჯით ზემოაღნიშნული წრეები ცდილობენ ხელოვნურად დაძაბონ ვითარება სომეხ მოსახლეობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის და ორმხრივი უნდობლობის პირობებში "აღადგინონ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დათმობილი პოზიციები".

"ვფიქრობ, მომხდარი მეტწილად შედეგია იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება წინა რეჟიმის მხრიდან ჯავახეთის სომეხი მოსახლეობის მიმართ გატარებული დანაშაულებრივი პოლიტიკის გასამართლების, სამართლიანობის აღდგენის, სომხებით დასახლებულ რაიონებში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცების პრინციპულ საქმეში დღემდე ვერ ავლენს საჭირო განსაზღვრულობასა და პოლიტიკურ ნებას.

მსურს ვირწმუნო, რომ ის ძალები, რომლებმაც დაგეგმეს და განახორციელეს ჩემი ძმის დაკავებასთან დაკავშირებული მოქმედებები, მცდარნი აღმოჩნდებიან საკუთარ გათვლებში და მათი პროვოკაცია ჩავარდება.

კიდევ ერთხელ ვამტკიცებ, რომ ვმოქმედებდი, ვმოქმედებ და მომავალშიც ვიმოქმედებ ექსკლუზიურად კანონიერების ფარგლებში. ვაცხადებ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, გავაგრძელებ რეგიონში სრულყოფილი დემოკრატიის განმტკიცებისადმი, ჯავახელი სომხების მოქალაქეობრივი, ენობრივი, საგანმანათლებლო, რელიგიური და კულტურული უფლებების დაცვისადმი მიმართულ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას",- აცხადებს ჩახალიანი.


ნინოწმინდაში ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით, რამდენიმე პირი, მათ შორის ამნისტიით გათავისუფლებული ვაჰაგან ჩახალიანის ძმა, არმენ ჩახალიანი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჩახალიანთან ერთად, იგივე ბრალდებით, 3 პირია დაკავებული.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ნინოწმინდაში ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი ქალის გამო დაიწყო. ვითარება სამართალდამცველებმა მალევე განმუხტეს.