რუსთავის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ თბილისის მერიის მაღალჩინოსნებს აღმკვეთი ღონისძიება არ შეეფარდოთ. ბრალდებულ დავით ალავიძის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა წარადგინა თავდებობის სამი წერილი. 23 პარლამენტარი, როგორც უმცირესობა, ისე უმრავლესობა, ასევე, რუსთავისა და თბილისის საკრებულოს წევრები, თბილისის მერიის მაღალჩინოსნებს თავდებში უდგებიან.
პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება. მანამდე კი რუსთავის საქალაქო სასამართლომ თბილისის მერიის მაღალჩინოსნები დარბაზიდან გაათავისუფლა. როგორც მოსამართლე მადონა მაისურაძემ განმარტა, აღნიშნული პირების დაკავების პროცედურა მთელი რიგი დარღვევების ფონზე განხორციელდა, რის გამოც სასამართლომ მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
ოფიციალური ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი, მთაწმინდა-კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე 28 ივნისს დააკავა. ამასთან, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი საბანაძის მიმართ გამოტანილია დადგენილება, ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ.