საქართველოს საგარეო უწყება ეგვიპტეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. "ბოლო დღეებში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში მკვეთრად გამწვავებული ვითარებიდან გამომდინარე, რომლის შედეგადაც ქვეყანაში გაუარესდა უსაფრთხოება, ხოლო შეტაკებების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მიმართავს ეგვიპტის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.
კერძოდ, ეგვიპტის კურორტებზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეთ ტურ-ოპერატორებთან და არ უნდა დატოვონ დასასვენებელი ზონების ტერიტორია.
საქართველოს მოქალაქეების გადაადგილება ეგვიპტის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის კაიროში, რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. საქართველოს მოქალაქეები განსაკუთრებით უნდა მოერიდონ დემონსტრაციებისა და მასობრივი თავშეყრის ადგილებს",- ნათქვამია განცხადებაში.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, ეგვიპტეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ კაიროში საქართველოს საელჩოს, ცხელ ხაზზე: +2010 110 888 44.