დავით საყვარელიძე - თბილისის მერიის თანამშრომლების საქმეს რუსთავის რაიონული სასამართლო განიხილავს

დავით საყვარელიძე - თბილისის მერიის თანამშრომლების საქმეს რუსთავის რაიონული სასამართლო განიხილავს

თბილისის მერიის დაკავებული თანამშრომლების საქმეს რუსთავის რაიონული სასამართლო განიხილავს. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საყვარელიძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ კიდევ ერთი უკანონობა ჩაიდინა და ადვოკატის შუამდგომლობა, რომ საქმე პროკურატურას განეხილა არ დააკმაყოფილა.

"ადვოკატს უნდა დაეყენებინა შუამდგომლობა, რომ საქმე აცილებოდა უკანონობის ჩამდენ ფინანსურ პოლიციას და გამოძიებისთვის საჭირო მასალები და საქმე უნდა აეღო საქართველოს მთავარ პროკურატურას, რათა გამოეძიებინა მისი ქვემდგომი ფინანსური პოლიციის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ასეთი შუმადგომლობა შევიდა და გაუგონარი გადაწყვეტილება მიიღეს. ნაცვლად იმისა, რომ საქმე ფინანსურ პოლიციას აცილებოდა, გადაეცა ქვემო ქართლის ფინანსური პოლციის სამმართველოს. შესაბამისად, საქმე ავტომატურ რეჟიმში, ქვემდებარების წესის მიხედვით, უნდა განიხილოს რუსთავის რაიონულმა სასამართლომ," – აღნიშნა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს აქტიური ზეწოლა რუსთავის რაიონულ სასამართლოზე, რომ მერიის თანამშრომლების მიმართ აღმკვეთ ღონისძიებად გამოყენებული იქნას პატიმრობა.

"იმედია ხელისუფლება შეწყვეტს ამ სამართლებრივი ხრიკებით და უკანონობით სასამართლოზე ზეწოლას და ყველაფერს მოაქცევს კანონის ჩარჩოებში", - განაცხადა დავით საყვარელიძემ.

თბილისის მერიის თანამშრომლების დაკავებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 28 ივნისს განცხადება გაავრცელა.

"საქართველოს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი, მთაწმინდა-კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე დააკავეს, ხოლო თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარის გიორგი საბანაძის მიმართ გამოტანილია დადგენილება, ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.