"ნაციონალური მოძრაობა", პრაიმერის ფარგლებში, ქუთაისში კონფერენციას გამართავს

"ნაციონალური მოძრაობა, 30 ივნისს, პრაიმერის ფარგლებში კონფერენციას ქუთაისში ჩაატრებს. "ნაციონალური მოძრაობა", საპრეზიდენტო პრაიმერს ესტონური მაგალითის მიხედვით ჩაატარებს, რაც რეგიონული კონფერენციების ჩატარებას გულისხმობს.

პრაიმერის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში 6 კონფერენცია გაიმართება.

30 ივნისს, კონფერენცია ჩატარდება ქუთაისში, რომელსაც იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის პარტიული ორგანიზაციებიდან დელეგატები დაესწრებიან, რომლის თემა ეკონომიკა იქნება.
7 ივლისს, პრაიმერის ფარგლებში კონფერენცია გორში ჩატარდება, რომელსაც დელეგატები შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა-მთიანეთის პარტიული ორგანიზაციებიდან დაესწრებიან. გორში დაგეგმილი ღონისძიების თემა ჯანდაცვა, სოციალური საკითხები და სოფლის მეურნეობა იქნება.

შემდეგი ღონისძიება პრაიმერის ფარგლებში, 14 ივლისს, თელავში ჩატარდება. მასში მონაწილეობას კახეთის და ქვემო ქართლის პარტიული ორგანიზაციები მიიღებენ. ღონისძიების თემა ადამიანის უფლებების დაცვა და მართლწესრიგი იქნება.

20 ივლისს კი, კონფერენცია იგეგმება ზუგდიდში, სადაც საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების თემაზე იმსჯელებენ.

21 ივლისს კი კონფერენცია გაიმართება ბათუმში, თემაზე - განათლება, მეცნიერება და კულტურა.

მეექვსე - ბოლო კონფერენცია პრაიმერის ფარგლებში დაგეგმილია თბილისში, 28 ივლისს, სადაც მიწვეული არიან დელეგატები თბილისის რაიონული პარტიული ორგანიზაციებიდან.

რეგიონული კონფერენციების პარალელურად, როგორც ცნობილია, სპეციალურ ვებგვერდზე ინტერნეტკენჭისყრა გაიმართება.

პრაიმერის საორგანიზაციო ჯგუფს გიორგი ვაშაძე უხელმძღვანელებს, დებატებს კი ირმა ნადირაშვილი გაუძღვება.