მიხეილ სააკაშვილი - პრემიერს მოვუწოდებ, ახლა არის დრო, რომ თავისი ფული მასშტაბურად ჩადოს ეკონომიკაში

მიხეილ სააკაშვილი - პრემიერს მოვუწოდებ, ახლა არის დრო, რომ თავისი ფული მასშტაბურად ჩადოს ეკონომიკაში

მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, ახლა არის ის დრო, რომ თუნდაც თავისი ფული მასშტაბურად ჩადოს ეკონომიკაში. ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში განაცხადა.
მისი თქმით, დღეს საქართველოს ეკონომიკა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

"განსაკუთრებული მოხერხება სჭირდება ეკონომიკურ ზრდის 11%-დან 0%-მდე დაყვანას. ეს აისახება ადამიანების ცხოვრებაზე. ამ მდგომარეობაში ძალიან მნიშვნლოევანია, მთავრობა გამოფხიზლდეს, რადგან ჩვენ ამ მთავრობას დავუტოვეთ რამდნიმე მილიარდი. პრემიერმა ეს ფული დახარჯა გაუაზრებელ პოპულისტურ ნაბიჯებზე. ჩაიყარა ფული უფასო ხვნის პროგრამაში და სამწუხაროდ, უმეტესი ნაწილ ფართობებზე, რომელიც მოიხნა, არაფერი დათესილა. პრაქტიკულად, მოსავალი არ იქნება. მე მესმის, რომ ხალხს სიამოვნებს ელექტროცელი და ხერხი სახლში დამატებით როგორც ნივთი და ის, რომ 100, 200, 300 ლარი შეიძლება ოჯახს გაუჩნდეს დამატებით შემოსავლად ერთჯერადად, მაგრამ ის, რომ ამ ფულის უმეტესი ნაწილი მოიპარეს და ის, რომ ამ ფულის შემდეგ საქართველოს განვითარება აღარ მოყვება, ეს არის ელემენტარული ფაქტი", – აცხადებს სააკაშვილი.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ წინა მთავრობის მიერ დატოვებულ თანხას უაზრო პროექტებში ხარჯავენ.

"პრემიერ-მინისტრი აპირებს, რომ ეს ჩვენი დატოვებული მილიარდები ამ პროექტს მიაფშვნას და მერე თქვას - ხელები დავიბანე, მე წავედი და სხვა მთავრობა რჩება. მე კაი კაცი ვიყავი, რაც შემეძლო მოგეცით. ის აძლევს იმას, რაც დატოვა წინა მთავრობამ, ეს იყო საქართველოს განვითარებისა და მომავლის პროექტები", – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, წინა მთავრობის მიერ დაწყებული პროექტების უმრავლესობა მოკლულია და ფული, რომელიც მისი განვითარებისთვის იყო გამოყოფილი - გაფლანგული.

"მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს ახლა არის ის დრო, რომ თუნდაც თავისი ფული მასშტაბურად ჩადოს ეკონომიკაში. თუ ეკონომიკა სპირალში შევიდა, მერე იქიდან მისი გამოყვანა ნებისმიერი შემდგომი მთავრობისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი ამოცანა იქნება. ერთხელ შელახული რეპუტაციის აღდგგენა, ძალიან ძნელია", – განაცხადა სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველი პირი იმედს გამოთქვამს, რომ პრემიერ-მინისტრი შექმნილ ვითარებას სწორად აცნობიერებს.

"იმედია, პრემიერი აცნობიერებს, რომ ამ არასწორი და მძიმე ეკონომიკური ნაბიჯების შედეგად, ის რომც წავიდეს მთავრობიდან, გვიტოვებს ძალიან მძიმე უსაფრთხოების ფონს და საქართველოს აქცევს ძალიან ადვილ მსხვერპლად დამპყრობლებისთვის. იმედია, ეს არ არის მისი განზრახვა", –აცხადებს სააკაშვილი.

პრეზიდენტი გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე მთავრობასთან ისაუბროს.

"მე მზად ვარ, პრემიერს ამ ყველაფერზე ვესაუბრო. ერთად გავიაროთ ახლა, სანამ გვიან არ არის. საქართველოს გადასარჩენად საჭიროა ენერგიული ნაბიჯების გადადგმა", – აღნიშნა მან.