მიხეილ სააკაშვილი მთავრობას რჩევებს აძლევს

მიხეილ სააკაშვილი მთავრობას რჩევებს აძლევს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ფართომასშტაბიან ეკონომიკურ სტაგნაციაზე საუბრობს და მდგომარეობის გამოსასწორებლად მთავრობას რამდენიმე რჩევას აძლევს.
"სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა ჩამოვიდა 0 %-ზე მაისის თვეში. იმის გათვალისწინებით, რომ თბილისში ბევრად მეტი ზრდა არის ხოლმე, ვიდრე რეგიონებში, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს რეგიონებში დაწყებულია ფართომასშტაბიანი ეკონომიკური სტაგნაცია. არასდროს, შევარდნაძის პერიოდის შემდეგ, გარდა 2008 წლის გამონაკლისისა, როცა მსოფლიო კრიზისი და ომი გვქონდა, საქართველოს ეკონომიკა ასეთ კატასტროფულ სიტუაციაში არ ყოფილა. აქამდე, მთელი ეს პერიოდი შეგნებულად ვიკავებდი თავს ეკონომიკური ინიციატივებისგან, რადგან ზუსტად ვიცი, რომ რატომღაც პრემიერ-მინისტრი ყველაფერს პირიქით გააკეთებდა. ეს თავისთავად უჩვეულო მდგომარეობაა ურთიერთობების, მაგრამ, სამწუხარო რეალობაა. ამის მიუხედავად, ახლა თუ საქართველოს ეკონომიკამ გააგრძელა ჩამოშლა იმ ტემპით, როგორითაც ეს მიმდინარეობს, ჩვენ ძალიან ადვილი ლუკმა გავხდებით საქართველოს არაკეთილმოსურნეებისთვის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე განმარტებით, ის, რომ საქართველო აღმოჩნდა ეკონომიკური სტაგნაციიის პირას, რამდენიმე საკითხმა განაპირობა.

"პირველი – ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებაა - ლაზიკის პორტის, ყარსი-ახალქალაქი-თბილისის რკინიგზის ფაქტობრივი შეჩერება, ასევე ბევრი სხვა პროექტის. მეორე – საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის მკვეთრი გაუარესება, რაც ახდენს გავლენას ინვესტორებზე. მე მრავალი წლის განმავლობაში არ მსმენია ასეთი კრიტიკა ჩვენი ქვეყნის მიმართ, როგორც გვესმის ბოლო თვეების, კვირების, ბოლო დღეების განმავლობაში. შემდეგი მიზეზი – საკანონმდებლო გაუარესებებია, მათ შორის "შრომის კოდექსი", რომელიც ნამდვილად არ ასახავს საქართველოს ეკონომიკურ რეალობას, ასევე კრიმინალური ფონის მკვეთრი გაუარესება. ამიტომ, ჩემი მოწოდება, რჩევა, თუ ვინმეს მისი მოსმენა უნდა არის შემდეგი – უნდა განახლდეს ფართომასშტაბიანი ეკონომიკური პროექტები – საქართველოს სჭირდება ახალი დიდი პორტი, ლაზიკის პროექტი სამეგრელოსთვის, გურიისთვის, დასავლეთ საქართველოსთვის ამოსუნთქვაა. არ შეიძლება სააკაშვილის ჯინაზე ამ პროექტის მოკვლა. მეორე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანა, ისე როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადმოტანა ბათუმიდან – ეს პროექტები იყო ამ რეგიონების გასავითარებლად, რასაც მოჰყვება მთლიანად ქვეყნის სწრაფი განვითარება. გარდა ამისა, დაუყოვნევლივ უნდა განვიხილოთ დეკრიმინალიზაცია ეკონომიკური საქმიანობის, ასევე ეკონომიკური ამნისტიის საკითხები. ეს ყველაფერი შექმნილ საგანგებო სიტუაციაში ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესის სტიმულირებას", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" მიმდინარე წლის განმავლობაში 11 %-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი და მისთვის გაუგებარია, როგორ მოახერხა ახალმა მთავრობამ ამ მაჩვენებლის 0 %-მდე დაყვანა.

"11 %-იან ზრდას ვვარაუდობდით ჩვენ წელს, როგორ უნდა მოახერხო, მაშინ როცა არანაირი კოლაფსი არ არსებობს ამ რიცხვის 0 %-ზე ჩამოყვანა, ამას მართლა
განსაკუთრებული მოხერხება სჭირდება", - განმარტა ქვეყნის პირველმა პირმა და იქვე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობა გამოფხიზლდეს.