საახალწლოდ ქალაქგაფორმებისთვის განხორციელებული შესყიდვის ფასი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი

საახალწლოდ ქალაქგაფორმებისთვის განხორციელებული შესყიდვის ფასი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი

თბილისის მერიის მიერ საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებული ქალაქგაფორმების ღონისძიებებისთვის განხორციელებული შესყიდვებისას , შესყიდვის ფასი, საბაზროსთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით, ქვეკონტრაქტორებისაგან პირდაპირი შესყიდვის შემთხვევაში შესაძლო გახდებოდა სახსრების მნიშვნელოვნად დაზოგვა.

მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობდნენ ურთიერდაკავშირებული ფირმები, რის შედეგადაც შესყიდვის ფასი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საბაზრო ფასებთან შედარებით. გაცემული ავანსების რაოდენობა სახელშეკრულებო ღირებულების 70%-ს შეადგენს, რის შედეგადაც მომწოდებლებს არ ესაჭიროებოდათ ვალდებულების შესასრულებლად საკუთარი სახსრებით მნიშვნელოვანი ხარჯების გაწევა.

"მიმწოდებლები საქონლისა და მომსახურების მიწოდებისას იყენებენ ქვეკონტრაქტორებს. უშუალოდ ქვეკონტრაქტორებისგან საქონლისა და მომსახურების შეძენის შემთხვევაში მერია დაზოგავდა 1 მილიონ ლარს. მომწოდებლების ნაწილს შეძენილი ჰქონდათ სპეციფიკური ხასიათის საქონელი ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენამდე. ასეთი საქონლის რეალიზაცია კი რთულია გარანტირებული მყიდველის არაარსებობის შემთხვევაში. შემსყიდველის მიერ არ ხდებოდა ძვირადღირებული არაფინანსური აქტივის (საშობაო სახლები) მრავალჯერადად გამოყენება. მომწოდებლის მიერ რიგ საქონელზე (სასცენო კონსტრუქციები) არ ხდებოდა დეტალური ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა, რის შედეგადაც ვერ განისაზღვრა გადახდილი თანხის შესაბამისობა საბაზრო ფასებთან", - ნათქვამია ანგარიშში.