აუდიტის სამსახურის 2012 წლის ანგარიშით, კულტურის სამინისტროს მხრიდან სახსრების არაეკონომიური განკარგვა ხდებოდა

აუდიტის სამსახურის 2012 წლის ანგარიშით, კულტურის სამინისტროს მხრიდან სახსრების არაეკონომიური განკარგვა ხდებოდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის ანგარიშის მიხედვით, კულტურის სამინისტროს მხრიდან კულტურული ღონისძიებების ადმინისტრირებისას სახსრების არაეკონომიური და არაეფექტიანი განკრგვა ხდებოდა.

ანგარიშის თანახმად, სამინისტროსა და ერთ-ერთ კერძო კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას დაევალა ბათუმში კონცერტის ორგანიზება.

"კომპანიის მიერ კონცერტზე დასასწრები ბილეთების რეალიზაციისთვის მისაღები 375 ათასი აშშ დოლარის შემოსავლიდან 100 ათასი აშშ დოლარით დამატებით უნდა გაზრდილიყო მომღერალთა ჰონორარი, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა გახარჯულიყო საქველმოქმედოდ. თუმცა, სამინისტრომ კომპანიას სარეალიზაციოდ გადასცა არა დაგეგმილი ოდენობის (1500) ბილეთი, არამედ 200 ცალი ფეხზე დასადგომი და 858 დასაჯდომი ბილეთი, ხოლო დანარჩენი 1552 ბილეთი სამინისტრომ გადასცა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რის შედეგადაც რეალიზაციიდან შემოსულმა თანხამ შეადგინა 344 ათასი ლარი, ნაცვლად 375 ათასი აშშ დოლარისა. "ბილეთების დაგეგმილზე ნაკლები ოდენობით რეალიზაციის შედეგად, მომღერალთა დამატებითი ჰონორარები (100 ათასი აშშ დოლარი) კომპანიამ ჩართო სამინისტროსადმი წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში და ანაზღაურდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. შედეგად, დანარიცხების გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არაეკონომიურად გახარჯულია 227,98 ათასი ლარი", - აღნიშნულია დოკუმენტში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ბათუმში საახალწლო კონცერტის ორგანიზებასთან დაკავშირებით, ორგანიზატორ შპს-ს საახალწლო კონცერტში მონაწილეობის მიზნით, გაფორმებული ჰქონდა კონტრაქტი ამერიკელ მუსიკოსთან, თანხით 110 ათასი აშშ დოლარი. აღნიშნული თანხიდან 50 ათასი აშშ დოლარი მოთხოვნილი იყო უშუალოდ კონცერტში მონაწილეობისათვის, ხოლო 60 ათასი აშშ დოლარის მიზნობრიობა ხელშეკრულებით არ იყო განსაზღვრული. შედეგად, დანარიცხების გათვალისწინებით, სამინისტროს მიერ დაუსაბუთებლად არის ანაზღაურებული 115, 9 ათასი ლარი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, იმავე ბათუმში, MTV Georgia Live-ში მონაწილეობისთვის ერთ საღამოში ორი ფიზიკური პირისთვის გადახდილია შესაბამისად 25 ათასი და 12,500 აშშ დოლარი, თუმცა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები გაფორმდა 2011 წლის 5 დეკემბერს, კონცერტის გამართვიდან ოთხი თვის შემდეგ.