"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო პრაიმერში მონაწილეობას დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე და ზურაბ ჯაფარიძე მიიღებენ

უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ადასტურებს, რომ მასთან ერთად პრეზიდენტობის კანდიდატები, ვინც პრაიმერში მიიღებს მონაწილეობას, ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ბარამიძე იქნებიან.
"მინიმუმ ეს სამი კანდიდატი პრაიმერის მონაწილე იქნება", - განაცხადა ბაქრაძემ გადაცემა "პოზიციაში", თუმცა, მეტი კონკრეტიკისგან თავი შეიკავა. მისივე შეფასებით, პრეზიდენტობის კანდიდატის პრაიმერის გზით გამოვლენა არის სიგნალი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ახალ პარტიად ყალიბდება.

"ნაციონალური მოძრაობა არის და იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია. ამაში ეჭვი არ მეპარება. ჩვენი ამოცანაა არა ციფრებზე, პროცენტებზე, სტატისტიკაზე კონცენტრირება, არამედ ის, რომ ჩვენ ხალხს ვთავაზობთ სრულიად ახალ პარტიას, სადაც გადაწყვეტილებას იღებს არა ერთი ან ორი ადამიანი, არამედ პრაიმერის გზით, მთელი პარტია", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ. მისივე თქმით, იგეგმება ბევრი სიახლე, რასაც საზოგადოება პრაიმერის პროცესში შეიტყობს.