"ნაციონალური მოძრაობა" პრაიმერში მონაწილე კანდიდატებს დღეს დაასახელებს

"ნაციონალური მოძრაობა" პრაიმერში მონაწილე კანდიდატებს დღეს დაასახელებს. საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიორგი ვაშაძის განცხადებით, კანდიდატები დღეს, 12:00 საათზე დასახელდებიან , 30 ივნისიდან კი შიდა არჩევნები ქუთაისიდან დაიწყება.

"მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გადავწყვიტეთ, დევნისა და დაკავებების ფონზეც კი არ შევცვალოთ პრაიმერის ჩატარების გეგმა. ხელისუფლების ზრახვების განხორციელება და, შესაბამისად, ოპოზიციის არარსებობა, კატასტროფული იქნება ქვეყნისთვის და ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია, 30 ივნისიდან, ვიწყებთ პრაიმერს ქუთაისიდან და ვერთვებით საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაში. სიტუაცია ძალიან რთულია, მაგრამ ამ რთულ სიტუაციაში ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დავანახოთ, რა ხდება ქვეყანაში. ხვალ 12:00 საათზე დავასახელებთ კანდიდატურებს, რომელთა რეგისტრაციის ვადა დღეს მთავრდება", - განაცხადა გუშინ ვაშაძემ.

მისივე შეფასებით, საქართველოს პოლიტიკური ოპოზიციის განადგურებისთვის "დიდი შეტევა" მიმდინარეობს. "ის, რაც თბილისში გუშინ მოხდა, არის გაგრძელება და კულმინაცია მმართველი პარტიის მხრიდან პოლიტიკური ველის უზურპაციის მცდელობის. კამპანია მიზანად ისახავს ოპოზიციის სტრუქტურისა და ინფრასტრუქტურის განადგურებას. ეს ხდება ყველა რაიონში", - აღნიშნა გუშინ ოპოზიციონერმა დეპუტატმა.