"ეტყობა, 26 მაისს ცისარტყელას ფერის დროშები რომ ყოფილიყო გამოფენილი, რასმუსენს ექნებოდა რეაქცია იმაზე, რომ ხალხი დახოცეს"

"დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, განცხადებებით, რომ დასავლური ფასეულობა 12 800 უკანონოდ მოპოვებულ, შემაძრწუნებელ ჩანაწერზე თვალის დახუჭვა და ლგბტ პირების უფლების დაცვაა, საქართველოს მოსახლეობის თვალში ამ ფასეულობების ღირსებას ლახავს.

ამის შესახებ ბურჯანაძემ მეორე არხის ეთერში ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ საქართველოში ვიზიტისას გაკეთებებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმად, 17 მაისს იმ ტიპის ძალადობას ჰქონდა ადგილი, რაც დემოკრატიული ქვეყნებისთვის დაუშვებელია.

"დღეს, როდესაც ადამიანები არიან შოკში იმ ინფორმაციის გამო, რომელიც მათ მიიღეს, როდესაც უფლებადამცველები, ჟურნალისტები, "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი, რომელსაც სინდისი მაინც შერჩა, ვეღარ ლაპარაკობს ამ კადრების ნახვის შემდეგ (მგონი, ნიკო ხაჩირაშვილი იყო, რომ ვუყურებდი, მეგონა, ტირილს დაიწყებს-მეთქი, ეტყობა, მთლად ბოლომდე არ აქვს სინდისის ძარღვი გაწყვეტილი), ამაზე ნატო-ს გენერალური მდივანი არაფერს ლაპარაკობს და ამბობს, რომ თურმე, ლგბტ პირების უფლებების დაცვაა საქართველოში ნომერ პირველი პრობლემა, ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. საქართველოში არის ტერიტორიული პრობელმა, ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედი დაკარგულია, უმძიმესი პრობლემა, როცა მოსახლეობის ორი მესამედი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, ასევე უმძიმესი პრობლემაა სამართალდამცავ ორგანოებში – რამდენი ადამიანია უფლებააყრილი, საკუთრებადარღვეული. ამასთან, ახლა გავიგეთ, რაც ადრე ჭორად ვიცოდით, რომ მასობრივად ხდებოდა მამაკაცების, მოზარდების გაუპატიურება და ამას ჰქონდა სისტემური ხასიათი და ამაზე ბატონი რასმუსენი არაფერს გველაპარაკება და გვეუბნება, რომ თურმე, ნატო-ს სტანდარტები არის ლგბტ პირების უფლებების დაცვა, ძალიან დიდი ბოდიში! ე.ი. რას მეუბნებით, რომ ნატო-ს კარში შესვლა ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ღირსებაზე არ გადის და ლგბტ პირებზე გადის? უკაცრავად, რომ ყველანი, ღვთის მადლით, ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები არ ვიყავით! ეტყობა, 26 მაისს ცისარტყელას ფერის დროშები რომ ყოფილიყო გამოფენილი, ნატო-ს გენერალურ მდივანს და სხვებს ექნებოდათ რეაქცია იმაზე, რომ ხალხი დახოცეს, თავპირი დაამტვრიეს. ეს არის წარმოუდგენელი განცხადება! მინდა, პირდაპირ მივმართო ნატო-ს გენერალურ მდივანს, რომ ასეთი განცხადებებით ილახება დასავლური ფასეულობების ღირსება საქართველოს მოსახლეობის თვალში, იმიტომ, რომ თუ დასავლური ფასეულობა არის ის, რომ თვალი უნდა დახუჭო 12 800 უკანონოდ მოპოვებულ, შემაძრწუნებელ კადრზე და დაიცვა ლგბტ პირების უფლება, რომელსაც არავინ ლახავს საქართველოში (იმიტომ, რომ ამ ამ დრომდე არასოდეს ყოფილა შემთხვევა არც მათი სამსახურიდან ან სასწავლებლიდან გამოგდების, არავინ არასად მივარდნია მათ და მათი უფლებები არ შეულახავს, სანამ არ გამოცვივდნენ და ჩემს და შენს შვილებს არ დაუწყეს ძახილი, რომ თურმე კარგია, როცა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი ხარ), ეს არის სრულიად წარმოუდგენელი და მიუღებელი", - განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ აღნიშნული მიმართვის გაგზავნას ის პირადად რასმუსენისთვის გეგმავს.