ლაშა თორდია:  ჩემთვის ნაკლები თავის ტკივილი იქნება, თუ პარტიების მონიტორინგის სამსახური სხვაგან გადავა

ლაშა თორდია: ჩემთვის ნაკლები თავის ტკივილი იქნება, თუ პარტიების მონიტორინგის სამსახური სხვაგან გადავა

პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიასთვის "თავის ტკივილია". როგორც თორდია აცხადებს, ამ ფუნქციის სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან სხვა უწყებაში გადატანა მისთვის ნაკლები თავის ტკივილი იქნებოდა. 

აღნიშნული განცხადება გენერალურმა აუდიტორმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლეობის წევრების კითხვების პასუხად გააკეთა, რომელიც არჩევნების წინ, კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პოლიტიკური გაერთიანებებისა და მასთან დაკავშირებული შემომწირველების წინააღმდეგ კონტროლის პალატის მიერ განხორციელებულ ზომებსა და სანქციებს შეეხებოდა.

"ცვლილებები, რომელიც "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონში აისახა, გრეკოს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეფუძნებოდა, თუმცა შეიძლება საჯარიმო ნაწილი იყოს და არის პრობლემური. ჩვენი ამის ლიბერალიზებას მივესალმებით. როდესაც საქმე პოლიტიკურ პარტიებს და, ზოგადად, პოლიტიკას ეხება, სტრუქტურა პოლიტიზებული იქნება.

ყოველთვის იქნება კითხვის ნიშნები, რადგან ასე თუ ისე პოლიტიკასთან გაქვს შეხება. რა თქმა უნდა, ჩემი სამსახურისთვის ამ ფუნქციის განხორციელება თავის ტკივილია და ჩემთვის ნაკლები თავის ტკივილი იქნება, თუ ეს სამსახური სხვაგან გადავა, თუმცა დღეს არ არსებობს არც ერთი უწყება, რომელიც პარტიების ფინანსურ მონიტორინგს განახორციელებს. არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს თავიდან ვიშორებ პრობლემებს. პირიქით, ვფიქრობ, რომ შემიძლია განვახორციელო ეს ფუნცია ისე, რომ არ დაზარალდეს არც სამსახურის იმიჯი და განხორციელდეს ვალდებულებები, რომელიც სახელმწიფოს აქვს აღებული. მე ამ ფუნქციის ტარებას თავიდან არ ვირიდებ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ნაკლები თავის ტკივილი მექნება, თუ ეს სამსახური ჩემს ორგანიზაციაში არ იქნება", - განაცხადა ლაშა თორდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

თორდიამ პარლამენტს აუდიტის სახელმწიფო სამსახურის მიერ 2012 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.