დავით ბაქრაძე პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციების გამართვის შეთავაზებას იღებს

დავით ბაქრაძე პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციების გამართვის შეთავაზებას იღებს

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად კონსულტაციების გამართვის შეთავაზებას იღებს, დიალოგისთვის მზად არის, თუმცა არა მხოლოდ საკონსტიტუციო რეფორმის თემაზე.

დავით უსუფაშვილის შეთავაზებას, პრემიერ-მინისტრთან ერთად გაიმართოს კონსულტაციები და იმსჯელონ დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, დავით ბაქრაძე დღეს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.

"სამწუხაროდ გუშინ, დღის პირველ ნახევარში განვითარებულმა მოვლენებმა, როცა უკანონოდ დააკავეს თბილისის მერიისა და საკრებულოს 23 წარმომადგენელი, არ მოგვცა საშუალება, რომ ეს ინიციატივა განხორციელებულიყო. დღეს ამ მოვლენების ფონზე, საკონსტიტუციო რეფორმაზე საუბარი არაბუნებრივი იქნებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩემი მზადყოფნა დიალოგისკენ. მინდა დავადასტურო, რომ მზად ვარ მივიღო პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის შეთავაზება და გავმართო მათთან კონსულტაციები არა მხოლოდ საკონსტიტუციო რეფორმის საკითხებზე, არამედ თემებზე, რომელიც მნიშვნელოვანი და მტკივნეულია ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის. ჩვენ ყველას კარგად გვახოვს, რა მოხდა 90-იან წლებში, როცა პოლარიზებული პოლიტიკური ვითარების ფონზე პოლიტიკოსებმა დიალოგი შეწყვიტეს და ამან ქვეყანა გახლეჩვამდე მიიყვანა. ამიტომ არ მერიდება, არ მრცხვენია და პირდაპირ ვაცხადებ, რომ მზად ვარ ასეთი დიალოგისთვის. მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსები უნდა ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უნდა არსებობდეს კომუნიკაცია და დიალოგი, რომელიც მნიშვნელოვანია ხალხისთვის და დამშვიდებისკენ წაიყვანს საზოგადოებას", - განაცხადა ბაქრაძემ.