კოხტა კოდუასა და დიმიტრი ჭაკუაზე ძებნა გამოცხადდა

კოხტა კოდუასა და დიმიტრი ჭაკუაზე ძებნა გამოცხადდა

საქართველოს მთავარი პროკურატურისა და სამხედრო პოლიციის მიერ ჩატარებული ერთობლივი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ კოხტა კოდუა, დიმიტრი ჭაკუა, ზვიად გაგუა და ზურაბ გოგოლაძე. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების მასალებით დადგინდა, რომ 2011 წლის 19 დეკემბერს თავდაცვის სამინისტროს მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა ზვიად გაგუამ, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მე-2 რეგიონალური (სამეგრელო _ ზემო სვანეთი) სამმართველოს უფროსის, კოხტა კოდუას თანდასწრებით, ქ. სენაკში თავის სამუშაო ოთახში, ამავე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს ა. ვ_-სა და გ. ქ-ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კოხტა კოდუამ ზვიად გაგუასთან წინასწარი შეთანხმებით, აღნიშნულ პირებს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მე-2 რეგიონული სამმართველოს ჰაუპტვახტში მოათავსა. ისინი ჰაუპტვახტში 7 დღე-ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

ჩადენილი დანაშაულისათვის კოხტა კოდუას წარედგინა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ორი პირის მიმართ), 333-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) გათვალისწინებული ბრალდება, ხოლო ზვიად გაგუას - საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ზვიად გაგუამ მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურის თანამდებობაზე ყოფნისას, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს დანიშნული საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიის მხარდაჭერის მიზნით, ბრიგადის G4-ის უფროს ზურაბ გოგოლაძესთან წინასწარი შეთანხმებით, ასევე საქართველოს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის, 1-ელი მთავარი სამმართველოს, მე-2 სამმართველოს, მე-2 სამსახურის, მე-2 განყოფილების უფროსის დიმიტრი ჭაკუას და საქართველოს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის კოხტა კოდუას დახმარებით, 2012 წლის 8-30 სექტემბრის პერიოდში გაფლანგა მე-2 ქვეითი ბრიგადის კუთვნილი 11719 ლიტრის ოდენობის დიზელის და 16060 ლიტრის ოდენობის ბენზინის საწვავი, რითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიადგა 60063 ლარის მატერიალური ზიანი.

11080 ლიტრი ბენზინის გაფლანგვის ფაქტის დაფარვის მიზნით 2012 წლის 25 ოქტომბერს, ზვიად გაგუამ და ზურაბ გოგოლაძემ, ბრიგადის საწყობის უფროსის, ნოდარ დიასამიძის და ზურგის სამსახურის აღმრიცხველის, თამაზ შეყრილაძის მონაწილეობით შეადგინეს ყალბი დოკუმენტი _ საწვავის გადაცემის ცალმხრივი აქტი, სადაც შეიტანეს ყალბი მონაცემი ზემოაღნიშნული საწვავის თითქოსდა საქართველოს შსს–ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოზე გადაცემის შესახებ.

ჩადენილი დანაშაულისათვის ზვიად გაგუას წარედგინა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 341-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება, ზურაბ გოგოლაძეს - საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 341-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება, კოხტა კოდუას - საქართველოს სსკ-ის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (დახმარება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში) გათვალისწინებული ბრალდება, დიმიტრი ჭაკუას - საქართველოს სსკ-ის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (დახმარება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში) და 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) გათვალისწინებულ ბრალდება.

კოხტა კოდუას და დიმიტრი ჭაკუას დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა და გამოცხადდა ძებნა.

ზვიად გაგუასა და ზურაბ გოგოლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ გირაო.