ევროპარლამენტარების 23-კაციანმა ჯგუფმა საქართველოში პოლიტიკური დევნის შესახებ სპეციალური დეკლარაცია შეიმუშავა

ევროპარლამენტარების 23-კაციანმა ჯგუფმა საქართველოში პოლიტიკური დევნის შესახებ სპეციალური დეკლარაცია შეიმუშავა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელმა პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამიჯვნის საკითხზე პიტერ ომციგტმა და ევროპელი პარლამენტარების 23-კაციანმა ჯგუფმა საქართველოში პოლიტიკური დევნის შესახებ სპეციალური დეკლარაცია შეიმუშავა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს. 

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, სტრასბურგში გამართულ დებატებზე გამოსვლისას ომციგტმა აღნიშნა, რომ იგი შეშფოთებულია საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებით.

"როცა ათეულობით ადამიანს აპატიმრებთ - და ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ ერთ ან ორ ადამიანზე, ეს პოლიტიკის წარმართვის ის სტილი არ არის, რომელიც ევროპაში ჩვენ მოგვწონს", - აღნიშნა მან.

ვანო მერაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნების წინ წინასწარ პატიმრობაში მოთავსებასთან დაკავშირებით ასევე შეშფოთება გამოთქვა საფრანგეთის დელეგაციის თავმჯდომარემ და საფრანგეთის პარლამენტის წევრმა რენე როკეტმა.

"ვფიქრობ, საქართველოში შექმნილი სიტუაცია განსაკუთრებით შემაშფოთებელია არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე. ვანო მერაბიშვილის - არჩევნებში ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატის დაპატიმრება კითხვებს ბადებს. მე ვერ განვსჯი მის მიმართ წაყენებულ მძიმე ბრლდებებს, მაგრამ ის განცხადებები, რომლებიც გაკეთდა გენერალური პროკურორისა და მთავრობის წევრების მიერ, არის პოლიტიკური და არასამართლებრივი და საფრთხეს უქმნის სისხლის სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს - უდანაშაულობის პრეზუმპციას", - აღნიშნა როკეტმა.

ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცნობით, ესტონეთის დელეგაციის და მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე ანდერს ჰერკელმა და ლიტვის დელეგაციის თავმჯდომარე ემანუელ ზინგერისმა გუშინ განხორციელებულ დაპატიმრებებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს.

"30 ადამიანის ხელბორკილებით დაკავება და შემდეგ გაშვება არის სხვადასხვა მთავრობებისთვის ცუდი მაგალითი და კუდიანებზე ნადირობას ჰგავს", - აღნიშნა ზინგერისმა.
თბილისში განხორციელებულ დაპატიმრებებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს სხვა დეპუტატებმა, მათ შორის ლატვიის დელეგაციის თავმჯდომარე ლოლიტა ციგანემ და უკრაინელმა დეპუტატმა იგორ სობოლევმა და იულია ორობეტსმა.

რაც შეეხება დეკლარაციას საქართველოში ოპოზიციის წევრების პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის შესახებ, ის ასეთი შინაარსისაა:

"2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა წარმოადგენს მნიშვნელოვან მიღწევას, რომელიც საქართველოს უნდა დაეხმაროს, მოახდინოს დემოკრატიის კონსოლიდაცია და ჩამოაყალიბოს პლურალისტური დემოკრატია. თუმცა, არჩევნების შემდგომ, საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ ყოფილი მთავრობის წარმომადგენელთა და ოპოზიციის სხვა წევრების მიმართ გადადგმული ნაბიჯები, როგორც ჩანს, პოლიტიკური მოსაზრებებითაა ნაკარნახევი. ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივნის წინასწარი პატიმრობა, ისევე, როგორც ყოფილი ხელისუფლების და ოპოზიციის 100-ზე მეტი წარმომადგენლის მიმართ ბრალის წაყენება განსაკუთრებული შეშფოთების საგანია. აღნიშნულმა მოქმედებებმა, ისევე, როგორც არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორ მესამედზე მეტის არადემოკრატიული გზით დაუფლებამ, მთავრობის ვალდებულებას გააგრძელოს საქართველოს დემოკრატიული განვითარება, რომელმაც უნდა მოიცვას ყველასთვის, მათ შორის ოპოზიციისთვის ფუნდამენტური თავისუფლებების, პატივისცემა.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა უზრუნველყოფილი იყოს სასამართლო ხელისუფლების ეფექტიანი დამოუკიდებლობა. ჩვენ ვგმოვთ სიტყვიერ თავდასხმებს იმ მოსამართლეებზე, რომლებმაც არ დააკმაყოფილეს პროკურატურის შუამდგომლობები ყოფილი თანამდებობის პირების წინასწარ პატიმრობაში მოთავსებასთან დაკავშირებით", - ნათქვამია დეკლარაციაში, რომელსაც ხელს 23 ევროპელი დეპუტატი აწერს. დოკუმენტს "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.