ნათია მოგელაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვეუწყებაში მუშაობს

ნათია მოგელაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვეუწყებაში მუშაობს

პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ყოფილი უფროსი ნათია მოგელაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვეუწყებაში მუშაობს. 

როგორც პარლამენტში დეპუტატებს გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ განუცხადა, მოგელაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის ანტიკორუფციულ ნაწილში კონსულტანტია.
"ნათია მოგელაძე მუშაობს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ საჯარო ინსტიტუტში, რომელიც არის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საუწყებო დაწესებულება. იგი არის საერთაშორისო პროექტებში, ამ შემთხვევაში ანტიკორუფციულ ნაწილში, კონსულტანტი. ის უშუალოდ მუშაობს საზღვარგარეთ არსებული პრაქტიკის გადმოტანაზე ჩვენ სისტემაში", - განაცხადა თორდიამ.

მისივე თქმით, პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ამჟამად ხელმძღვანელობს ზურაბ აზნაურაშვილი. როგორც თორდია განმარტავს, ამ სამსახურის მთავარი პრობლემა საზოგადოებასთან კომუნიკაციის არქონა იყო.

"ვფიქრობ, ის გადაწყვეტილებები, რომელიც იყო მიღებული და საზოგადოებაში არის აზრი, რომ ეს გადაწყვეტილებები მიიღებოდა თვითონ სამსახურის მიერ, გარწმუნებთ, ასე არ არის. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებდა სასამართლო. სამსახური ადგენდა მხოლოდ და მხოლოდ სამართალდარღვევათა ოქმს. კანონით, სამსახურს არ ჰქონდა დისკრეციული უფლებამოსილება, რომ თვითონ დაეწესებინა რაიმე ტიპის ჯარიმა. ეს ჯარიმა დევს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის შესაბამის მუხლში, რომელიც განსაზღვრულია ხუთმაგი ოდენობით. ანუ, უფრო მეტად რომ ყოფილიყო საზოგადოება ინფორმირებული, თუ რის საფუძველზე დგებოდა სამართალდარღვევის ოქმები, უმჯობესი იქნებოდა", - აღნიშნა თორდიამ.