საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის მაღალჩინოსნების საქმის მასალების ნაწილი გამოაქვეყნა

საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის მაღალჩინოსნების საქმის მასალების ნაწილი გამოაქვეყნა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის მაღალჩინოსნების დაკავების საქმის მასალების ნაწილი გამოაქვეყნა. 

უწყების ვებ-გვერდზე ააიპ "თბილისის განვითარების ფონდი"-ს მეშვეობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის სქემაა გამოქვეყნებული, სადაც აღნიშნულია, რომ "თბილისის განვითარების ფონდი"-ს მეშვეობით გაფლანგული და მითვისებული იქნა 49 მილიონი ლარი.

გამოქვეყნებული სქემის მიხედვით, 13 852 497 ლარი დაიხარჯა პლასტიკურ სახელფასო ბარათებზე, ანგარიშიდან ხელზე გამოტანილი თანხა 34 328 463 ლარს შეადგენს, ხოლო ფურშეტებში გადახდილი თანხა - 719 862 ლარს.

პლასტიკური სახელფასო ბარათების საქმეში ფიგურირებს "ნაციონალური მოძრაობის" 10 რაიონული ორგანიზაცია; ანგარიშიდან ხელზე გამოტანილ თანხებში - თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე გიორგი საბანაძე და მერის მოადგილე დავით ალავიძე; აქვე მითითებულია, რომ თანხების გატანა ხდებოდა დავით ალავიძის მფლობელობაში არსებული ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით OWO-123.

რაც შეეხება ფურშეტებში გადახდილ თანხებს, აღნიშნულია, რომ ისინი ეწყობოდა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებისთვის და აქ შპს "ფართი ჰაუსი" და შპს "სითი ივენთია" დასახელებული.

საქმის მასალებს თან ერთვის თბილისის მთავრობის დადგენილებები და მოწმეთა ჩვენებები.