სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროს საქმიანობას შეამოწმებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროს საქმიანობას შეამოწმებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მზადდება ჯგუფი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ბოლო წლების საქმიანობას შეამოწმებს.

როგორც პარლამენტში, სახელმწიფო აუდიტის 2012 წლის ანგარიშის განხილვისას გენერალურმა აუდიტორმა დეპუტატებს განუცხადა, თავდაცვის სამინისტრო 2005-2006 წლის შემდეგ აღარ შემოწმებულა.

"თავდაცვის სამინისტროს შემოწმება ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ შევიდეთ და შევისწავლოთ თავდაცვის სამინისტროში გასული წლების საქმიანობა. მზადდება ჯგუფი და გვაქვს კონსულტაციები თავად თავდაცვის სამინისტროსთან, რათა ერთობლივად მოვახდინოთ ჯგუფის შექმნაც და შემდგომში იმ დოკუმენტაციის მომზადება, რომელიც შემდგომში ამ ჯგუფს გადაეცემა. თავდაცვის სამინისტროს დიდი ბიუჯეტი აქვს და ის მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. არის მთელი რიგი ფარული მუხლები, იარაღის შეძენები და ა.შ. ამიტომ, ეს საკითხი მოითხოვს ძალიან კარგ მომზადებას და გარკვეულ დროს რათა მთლიანი ბიუჯეტი მოვიცვათ", - განაცხადა თორდიამ.

აღნიშნული საკითხით უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძე დაინტერესდა. მანვე გენერალურ აუდიტორს შეკითხვა დაუსვა იმასთან დაკავშირებით, მოწმდებოდა თუ არა იუსტიციის სამინისტრო. ლაშა თორდიას თქმით, როგორც იუსტიციის სამინისტრო, ასევე მის საქვეუწყებო სამსახურები, ყოველ წელს მოწმდებოდა.