დავით ქოქიაშვილის ადვოკატი სააპელაციო სასამართლოს მიმართავს

დავით ქოქიაშვილის ადვოკატი სააპელაციო სასამართლოს მიმართავს

სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული დავით ქოქიაშვილის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 

როგორც ადვოკატმა თეიმურაზ კუტივაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დავით ქოქიაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება უსამართლოა.

"სასამართლოს გადაწყვეტილება არ ემყარება კანონით განსაზღვრულ პირობებს. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ", - აღნიშნა კუტივაძემ. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ ემალება გამოძიებას და იგი არის მძიმე ავადმყოფი.

პროკურორი ლევან ბაჩიაშვილი კი მიიჩნევს, რომ სასამართლოს ვანო მერაბიშვლისთვისაც პატიმრობა უნდა შეეფარდებინა. "ჩვენი დასაბუთება იყო ძალიან საფუძვლიანი და სამართლიანი.

მიგვაჩნია, რომ ვანო მერაბიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების დროს სასამართლომ შეცვალა პრეცედენტი, ვინაიდან უკვე არსებობს პრეცედენტი, რომ მერაბიშვილის მიმართ მეორედ იქნა პატიმრობა გამოყენებული", – აღნიშნა პროკურორმა.

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას, ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ გაეცნობა სასამართლოს სამოტივაციო წერილს და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული.