მიხეილ სააკაშვილი:  როცა ადამიანის პარტნიორი ხარ, არ უნდა მოატყუო

მიხეილ სააკაშვილი: როცა ადამიანის პარტნიორი ხარ, არ უნდა მოატყუო

არავის უნდა ემონო, მაგრამ როცა ადამიანის პარტნიორი ხარ, არ უნდა მოატყუო და გააბაიბურო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს ყველა აქებდა და ცაში აყავდა, ამერიკის პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტები, სახელმწიფო მდივნები ლამის ორ თვეში ერთხელ ჩამოდიოდნენ, ნატო-ს საბჭო კი მესამეჯერ ჩამოვიდა.

"თუ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც არასოდეს არავის ახსენდება, არავინ არ ახსენებს, თუ ახსენებენ იტყვიან, რომ სადღაც, რაღაცა და ასეთი ქვეყანა ჩვენი გეოგრაფიის გათვალისწინებით ვერ გააგრძელებს არსებობას და ეს არის ყველაზე დიდი კოშმარი, რაც შეიძლება წარმოვიდგინოთ. ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ დემოკრატიული სამყაროს წესებით ცხოვრება და ეს არის კანონის უზენაესობა, დამნაშავე მართლა უნდა დაისაჯოს, კორუმპირებული უნდა დაიჭირო, ის ვინც ადამიანს შეურაცხყოფას აყენებს, პასუხი უნდა აგებინო, ამავე დროს რასაც ამბობ სიტყვა უნდა დაიცვა, წესები უნდა დაიცვა. თანაბარი მიდგომა უნდა გქონდეს ყველას მიმართა და შენ არავის უნდა ემონო, მაგრამ როცა ადამიანის პარტნიორი ხარ, არ უნდა მოატყუო და გააბაიბურო, თუ გინდა, რომ გქონდეს პატივისცემა", - აღნიშნა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, დემოკრატიული სამყარო ურთიერთპატივისცემის პრინციპით მოქმედებს და არა მოტყუების, გადაგდების, მოსყიდვის, თვალების ჩაკვრის.

"გამოვიდეთ ჯაყოს ფსიქოლოგიიდან. მორჩა! არ გვჭირდება ჩვენ ჯაყო, არ გვჭირდება მამა, ბაბუა, ბებია და ა.შ. მჭირდება მე, გადასარევი ბებია მყავს, ყველას გვჭირდება ცალ-ცალკე, მაგრამ სახელმწიფოს და ერს არ სჭირდება, ერმა უნდა იგრძნოს, რომ თვითონ არის ბატონ-პატრონი და თვითონ წყვეტს ყველაფერს და თვითონა არის საკუთარი წინსვლის მამოძრავებელი ძალა", - დასძინა მან.