საფეხბურთო კლუბებს საწევროს გადახდა აღარ მოუწევთ

საფეხბურთო კლუბებს საწევროს გადახდა აღარ მოუწევთ

უმაღლეს ლიგაში მოთამაშე საფეხბურთო კლუბებს წლევანდელ სეზონში 40 000 ლარის ოდენობის საწევრო გადასახადის გადახდა აღარ მოუწევთ , - ეს გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე მიიღეს, რომელიც დღეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში გაიმართა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ განაცხადა საწევრო გადასახადის მოხსნის გადაწყვეტილების მიზეზი კლუბებში შექმნილი კრიზისული მდგომარეობაა. მისივე თქმით, კლუბების ხელშეწყობის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს სპორტის სამინისტროსთან და არსებობს დაპირება, რომ წლის ბოლომდე გარკვეული თანხების გამოყოფა და გუნდებზე თანაბრად გადანაწილება მოხდება.

ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სატელევიზიო პროექტის დაფინანსებაზე სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც შიდა ჩემპიონატს სრულად გააშუქებს.

კლუბების ფინანსური საკითხების გარდა დღევანდელ ყრილობაზე დამტკიცდა ფედერაციის ბიუჯეტი.

გენერალური დირექტორის რევაზ არველაძის განცხადებით, 2013 წელს ფედერაციას 7 მილიონი ლარის ბიუჯეტი ექნება, რაც წინა წლის ბიუჯეტის ნახევარია. დღესვე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაიზრდება ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრების რაოდენობა და ყველა კლუბსა და ასოციაციას თავისი წარმომადგენლები ეყოლება, აღმასკომის წევრების რაოდენობა გაიზრდება სავარაუდოდ ოთხი ან ხუთი ადგილით. ამასთან, დღეს მოხდა აღმასკომის ორი წევრის ცვლილება. ლადო ვარძელაშვილის ადგილი დაიკავა რომან ფიფიამ, ხოლო დავით ნამგალაურის ადგილი სერგო კუტივაძემ.

ამასთან, დღევანდელი ყრილობის შემდეგ, რომელიც რიგით 22-ე იყო, ოფიციალურად დასახელდა საქართველოს ჩემპიონატის დაწყების თარიღი. ზვიად სიჭინავას განცხადებით, შიდა ჩემპიონატი სტარტს აიღებს 10 აგვისტოს, მანამდე კი აღმასრულებელი კომიტეტის სხდომები გაიმართება და ფედერაციის მხრიდან მოხდება მონიტორინგი სტადიონების, კლუბების ინფრასტრუქტურის მდგომარეობის და სხვადასხვა ტექნიკური დეტალების, რომელიც არის საჭირო ჩემპიონატის დასაწყებად.