მიხეილ სააკაშვილი:  როგორც კი ნატოს დელეგაცია აფრინდა, მერიის თანამშრომლების ნაწილი დაიჭირეს

მიხეილ სააკაშვილი: როგორც კი ნატოს დელეგაცია აფრინდა, მერიის თანამშრომლების ნაწილი დაიჭირეს

როგორც კი ნატოს დელეგაცია აფრინდა, ისევ მიაკითხეს და მერიის და საკრებულოს თანამშრომლების დიდი ნაწილი ისევ დაიჭირეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რეზიდენციაში განაცხადა. 

"გუშინ აქ ვიღაცეები ნატო-ს გენერალური მდივნის და დანარჩენი ელჩების ვიზიტის ფონზე დაიჭირეს. მერე ბოდიში მოუხადეს, ბორკილები მოხსნეს და უთხრეს, აბა, უკანა კარებიდან გადით, არავის არ უთხრათ, რომ დაგიჭირეთო. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე, საქართველოს მთავრობის ერთმა მინისტრმა აიღო სიტყვა და თქვა, რომ ის რაც მოხდა, დღევანდელი დაჭერები, საბოტაჟი იყო გარე ძალების. ჩვენ ბოდიშს გიხდით და ყველას, ვინც ეს ჩაიდინა მოვთხოვთო პასუხს. იქვე მომიბრუნდა ნატო-ს დიდი რანგის დიპლომატი და მითხრა, სიტყვა საბოტაჟი არის შეუცდომლად საბჭოთა სიტყვა. საბჭოთა კავშირში ახსენებდნენ ამ სიტყვასო და ეს არ არის დემოკრატიული სამყაროს ტერმინიო", -განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ნატო საქართველოს, როგორც თანასწორს, ისე ელაპარაკება და ის არის ქვეყნის პარტნიორი.

"იმას შენი არც მონობა უნდა და არც გებატონება. ბატონი შეიძლება მონამ მოატყუო, პარტნიორს ერთხელ რომ მოატყუებ, ერთხელ რომ ასე დაელაპარაკები, ასე არ შეიძლება. თუ შენ გაქვს ჯაყოს ფსიქოლოგია, თუ შეგიძლია მხოლოდ ვიღაცას ემონო, უხეშად ელაპარაკო, ვერასოდეს იქნები დემოკრატიული სამყაროს ნაწილი. ისინი არც იმას არ გვთხოვენ, რომ მათ ქვემოთ ვიყოთ, მაგრამ არც იმას გვთხოვენ, მოდი, მოგვატყუეთ, ერთი ილაპარაკეთ, მეორე გააკეთეთ, მერე ბოდიში მოიხადეთ და მერე ისევ იგივე გააკეთეთ. ვინ თხოვდა იმ მინისტრს ეთქვა- საბოტაჟია და ბოდიშს გიხდითო. გეგონება საბავშვო ბაღში ვართ, მეტს აღარ ვიზამო და საღამოს ისევ იგივე გავაკეთოთ", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ამ ყველაფრით ერთი კონკრეტული პარტია კი არ ზარალდება, არამედ, ამით ქვეყნა და მისი უსაფრთხოება ზარალდება.