ელენე თევდორაძე:  ციხეში ბაჩო ახალაიას მონახულების უფლება არ მომცეს

ელენე თევდორაძე: ციხეში ბაჩო ახალაიას მონახულების უფლება არ მომცეს

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ელენე თევდორაძე აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაიას მონახულება უნდოდა, თუმცა ამის უფლება არ მიეცა. ამის შესახებ ელენე თევდორაძემ "პალიტრა ტვ"-ის გადაცემაში, "აქ და ახლა" სტუმრობისას განაცხადა.

"მხოლოდ ბაჩოზე არ უნდა გადატყდეს ჯოხი. ადრე, როდესაც ვუთხარი რა ხდება ციხეებში, მეუბნებოდა, რომ მას აქვს ეს დავალება, თუმცა არ ამბობდა ვისგან. იმიტომ მინდოდა მენახა, რომ მეთქვა - მარტო ის არ იყო ამ სისტემაში დამნაშავე",- განაცხადა ელენე თევდორაძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, სასჯელაღსრულების სისტემაში "ყველაფერი ნორმალურად იყო", ვიდრე ბაჩო ახალაია არ დაინიშნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელად.

"ადრე პატიმრების წამება ციხეებში არ ხდებოდა და წამებას ადგილი ჰქონდა წინასწარი დაკავების იზოლატორებში. ციხეებში ფიზიკური ძალადობა რომ არ იყო, ყველგან დავადასტურებ. თუმცა, როდესაც ახალაია წავიდა და იქ დიმიტრი შაშკინი მივიდა, პატიმრები ამბობდნენ, რომ ბაჩოს პერიოდი ენატრებოდათ. მერე მივიდა ხათუნა კალმახელიძე და მერე უკვე ხდებოდა ის, რაც ხდებოდა. ის იყო მარიონეტი. არავინ არაფერს ეკითხებოდა. მე მიკვირდა, რომ ეს ახალგაზრდა ქალი არაფერზე არ იღებდა ხმას", - განაცხადა თევდორაძემ.