"ნაციონალური მოძრაობა" პრაიმერში მონაწილე კანდიდატებს ხვალ დაასახელებს

"ნაციონალური მოძრაობა" პრაიმერის ჩატარების გეგმას არ ცვლის, - ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

მისი განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობა" პრაიმერში მონაწილე კანდიდატებს ხვალ, 12:00 საათზე დაასახელებს, 30 ივნისიდან კი შიდაარჩევნები ქუთაისიდან დაიწყება.

"მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გადავწყვიტეთ, დევნისა და დაკავებების ფონზეც კი არ შევცვალოთ პრაიმერის ჩატარების გეგმა. ხელისუფლების ზრახვების განხორციელება და შესაბამისად ოპოზიციის არარსებობა, კატასტროფული იქნება ქვეყნისთვის და ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია, 30 ივნისიდან, ვიწყებთ პრაიმერს ქუთაისიდან და ვერთვებით საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაში. სიტუაცია ძალიან რთულია, მაგრამ ამ რთულ სიტუაციაში ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დავანახოთ, რა ხდება ქვეყანაში. ხვალ 12:00 საათზე დავასახელებთ კანდიდატურებს, რომელთა რეგისტრაციის ვადა დღეს მთავრდება", - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე შეფასებით, გუშინ განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ საქართველოს პოლიტიკური ოპოზიციის განადგურებისთვის "დიდი შეტევა" მიმდინარეობს.

"ის, რაც თბილისში გუშინ მოხდა, არის გაგრძელება და კულმინაცია მმართველი პარტიის მხრიდან პოლიტიკური ველის უზურპაციის მცდელობის. კამპანია მიზანად ისახავს ოპოზიციის სტრუქტურისა და ინფრასტრუქტურის განადგურებას. ეს ხდება ყველა რაიონში", - აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

ამასთან, ვაშაძე ფიქრობს, რომ მერიის დაკავებული თანამშრომლების წინააღმდეგ სამართალდამცავ სტრუქტურებს მტკიცებულებების შეგროვება გაუჭირდება. იგი აცხადებს, რომ "პროკურატურას თავზე ენგრევა აბსოლუტურად ყველა სისხლის სამართლის გამოძიება, რომელიც აქამდე დაიწყო".

"აღსანიშნავია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს და გენერალური მდივნის გზავნილი საქართველოსადმი. ანდერს ფოგ რასმუსენმა უდიდესი შეშფოთება გამოხატა მიმდინარე დაკავებებთან დაკავშირებით, რაც პირველი პრეცედენტია, მაგრამ როგორც კი ნატოს გენერალური მდივნის თვითმფრინავი გაფრინდა, ხელისუფლებამ განაახლა დაპატიმრებები და იმის ნაცვლად, რომ ამ უმძიმესი გზავნილის შემდეგ გაეაზრებინა, თუ როგორ პოლიტიკურ რისკებს უქმნის მისი საქმიანობა საქართველოს, თავის ქმედებებს განაგრძობს და საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს უსაფრთხოებასა და დემოკრატიას", - დასძინა ვაშაძემ.