მიხეილ სააკაშვილი:  არასოდეს მქონია სურვილი ან ერის მამა, ან მითუმეტეს ბაბუა ვყოფილიყავი

მიხეილ სააკაშვილი: არასოდეს მქონია სურვილი ან ერის მამა, ან მითუმეტეს ბაბუა ვყოფილიყავი

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ადრე ვცხოვრობდით საზოგადოებაში, სადაც მონობა იყო ცხოვრების წესი. ამის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში გააკეთა.

"ან უნდა ყოფილიყავი ვიღაცის ქვემოთ, ან უნდა ყოფილიყავი ვიღაცის ზემოთ. ამიტომ, საზოგადოებას ჰქონდა მოთხოვნა, რომ მეთაური უნდა იყოს რაღაც სახის მამა, ბაბუა. გახსოვთ შევარდნაძეს, ასლან აბაშიძეს ეძახოდნენ "ბაბუს". ჩვენ სულ ვეძებთ მამას, ბაბუას. მე, რომელსაც მქონდა სრული ძალაუფლება, არასოდეს მქონია სურვილი ან ვინმეს მამა, ან ერის მამა, ან მითუმეტეს ბაბუა ვყოფილიყავი. ეს არის მონური ფსიქოლოგია. მე ყოველთვის ვიყავი ერთ-ერთი თქვენთაგანი", -განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, გუშინ ჩამოვიდა ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

"საქართველო არ იყო ნატო-ს რუკაზე არასდროს. ეს მოხდა 2004 წლის შემდეგ. მანამდე იძახდა შევარდნაძე, "ჩვენი ბაბუ": ნატო, ნატო, მაგრამ, ეს არავის არ ჰყოფნიდა სასაცილოდ. 2004 წლის შემდეგ, ჩვენ შევეჩვიეთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ყოველკვირას ახსენებდა საქართველოს. შევეჩვიეთ იმას, გვეპატიჟებოდნენ ყველა სამიტებზე, ჩამოვიდა ჯორჯ ბუში. ჩვენ გვეგონა, რომ ეს ყველაფერი ასე თავისით ხდებოდა. ამ დროს, ეს იყო დიდი ძალისხმევის შედეგი", - განაცხადა სააკაშვილმა.