კახა კოჟორიძე:  მერიის თანამშრომელთა დაკავება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევით მოხდა

კახა კოჟორიძე: მერიის თანამშრომელთა დაკავება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევით მოხდა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის განცხადებით, მერიის თანამშრომელთა დაკავება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევით მოხდა. 

"პრაიმტაიმის" პრესკლუბში კახა კოჟორიძემ დღეს ფაქტის სამართლებრივი შეფასება მოახდინა. როგორც კოჟორიძემ განაცხადა, მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსანთა დაკავება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად არ წარიმართა.

კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ მოწმეების იძულებით მიყვანას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს, მაგრამ ამ შემთხვევაში საჭირო იყო სასამართლოს განჩინება. დაკავებამდე კი მოწმეებს უნდა სცოდნოდათ სად უნდა მისულიყვნენ დაკითხვაზე და რა პროცედურები წარიმართებოდა მათ მიმართ თუკი მოწმედ მისვლას ისინი თავს აარიდებდნენ, მხოლოდ ასეთ დროს შეიძლებოდა იძულებითი მიყვანის წესის განხორციელება.

როგორც კოჟორიძისთვის არის ცნობილი, დაკავებულ მაღალჩინოსნებს თავი არ აურიდებიათ მოწმედ დაკითხვაზე. ამდენად, იგი აცხადებს, რომ ასეთი ფორმით დაკავების საჭიროება არ იყო.
კახა კოჟორიძემ აღნიშნა, რომ ამ ფაქტის სამართლებრივი გამართლება ვერ მოისმინა, მომხდარი კი დანაშაულის ნიშანს შეიცავს. მისივე თქმით, დაკავებულებს დაადეს ხელბორკილები და შეზღუდული ჰქონდათ გადაადგილების უფლება.
საიას თავმჯდომარის თქმით, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს გუშინდელ დაკავებასთან დაკავშირებით და საგამოძიებო ორგანოები ამ ფაქტებით უნდა დაინტერესებულიყვნენ.
კახა კოჟორიძისთვის უცნობია თუ რა მიზეზით მოხდა ეს, პოლიტიკური მოტივი ქონდა ამ ყოველივეს, თუ სხვა.
მისივე შეფასებით, ეს დაკავებები განხორციელდა ან ძალიან არაპროფესიონალის მიერ, ან მიზანმიმართულად ცალსახად არასწორი ქმედებებით.
კახა კოჟორიძემ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს ფაქტი ყურადღებას იმსახურებს, რადგან გუშინ მომხდარი ქვეყნისთვის ზიანს მომცემ ქმედებას შეიცავს.