"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გაგრძელებას აუცილებლად მიიჩნევს.
"უნდა გაგრძელდეს თუ არა საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის დიალოგი?" – შეკითხვაზე დადებითი პასუხი რესპონდენტთა 73 %-მა გასცა. 13 % ფიქრობს, რომ დიალოგი არ უნდა გაგრძელდეს, 14 %-მა კი შეკითხვაზე პასუხი არ იცის.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობას, რესპონდენტთა უმეტესობა ასევე მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას. აღნიშნულ საკითხზე გამოკითხვის შედეგები ასე გადანაწილდა: 82 % სრულად მხარს უჭერს, 11 % გარკვეულწილად მხარს უჭერს, 2 % გარკვეულწილად ეწინააღმდეგება, 3 % - კატეგორიულად ეწინააღმდეგება, 2 %-მა შეკითხვაზე პასუხი არ იცის.
"თქვენი აზრით, რუსეთის აგრესია დამთავრდა, თუ ჯერ კიდევ გრძელდება?" –შეკითხვაზე, 20 % მიიჩნევს, რომ დამთავრდა და არ ჰგონია, რომ განახლდეს. 18 %-ის აზრით, დამთავრდა, მაგრამ მისი განახლების შესაძლებლობა არსებობს, 49 % ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ გრძელდება, 13 % -მა აირჩია კატეგორია "არ ვიცი".
ამასთან, კვლევის ფარგლებში შეკითხვები იქნა დასმული ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზეც. ჩრდილოატლანტიკურ ალიასნში საქართველოს გაწევრიანებას გამოკითხულთა 61 % სრულად უჭერს მხარს, 19 % გარკვეულწლილად უჭერს მხარს, 5 % გარკვეულწილად ეწინააღმდეგება, 6 % - კატეგორიულად ეწინააღმდეგება, 8 %-მა კი "არ იცის".
"როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი"? – შეკითხვაზე 1 %-ის აზრით, ეს მიმდინარე წელს – 2013-ში მოხდება, 4 % აღნიშნულს 2014 წელს ელოდება, 18 % ფიქრობს, რომ – 2015-ში, 14 %-ის აზრით კი, ეს არასდროს მოხდება. რაც შეეხება დანარჩენ 64 %-ს, გამოკითხულთა ამ რაოდენობამ შეკითხვაზე პასუხი არ იცის.
რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს, ამ ორგანიზაციაში შესვლას 67 % სრულად, 20 % კი გარკვეულწილად უჭერს მხარს. 2 % - გარკვეულწილად, ასევე 2 % კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. 8 %-მა აირჩია კატეგორია "არ ვიცი".
კვლევა მიმდინარე წლის 17 მაისიდან 2 ივნისის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში საარჩევნო ასაკის მქონე 3 998 რესპონდენტი გამოიკითხა.