თეა წულუკიანი და სოზარ სუბარი UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

თეა წულუკიანი და სოზარ სუბარი UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

ბრიუსელში მიმდინარე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა , მისმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იოკა ბრანტთან შეხვედრა გამართეს. 

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთ ხელმძღვანელს იმ რეფორმების მიმდინარეობა გააცნეს, რომელთაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების დახვეწის მიზნით საქართველო ახორციელებს.

თეა წულუკიანი იოკა ბრანტს იუსტიციის სამინისტროს პროექტების - არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის, არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამების შესახებ ესაუბრა. წულუკიანის თქმით, სამინისტრო მუშაობს არასრულწლოვანთათვის სპეციალიზებული კოდექსის შემუშავებაზე.

UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თქმით, მთელ მსოფლიოში კანონთან პრობლემის მქონე ბავშვებს დამსხვრეული ცხოვრება აქვთ.

"მათი უმეტესობა ცხოვრობს ქუჩაში, დაკავებულია ქურდობით, მეძავობით. ასეთი ბავშვების მიმართ სახელმწიფო მხოლოდ სადამსჯელო ღონისძიებებს არ უნდა იყენებდეს და მართლმსაჯულება მათ მიმართ ჰუმანური, პრევენციასა და რესოციალიზაციაზე ორიენტირებული უნდა იყოს. ჩვენ ვაფასებთ იმ პროგრესს, რომელსაც თქვენ ამ გზაზე მიაღწიეთ და იმასაც, რასაც ახლა აკეთებეთ", - განაცხადა იოკა ბრანტმა.