ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს დაკითხავენ

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს დაკითხავენ

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის განხილვისას სასამართლო თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაკითხავს. ოქრუაშვილი ბრალდების ერთ-ერთი მოწმეა. ამის შესახებ დღეს პროკურორმა ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომაზე სასამართლოსთვის მტკიცებულების წარდგენისას აღნიშნა. ირაკლი ოქრუაშვილი მოწმეთა ჩამონათვალში ერთ-ერთია, ვინც საქმის არსებითი განხილვისას უნდა დაიკითხოს. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 11 საათზე დაიწყო. მხარეებმა დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებები წარმოადგინეს. სხდომაზე უნდა ჩაინიშნოს საქმის არსებითი განხილვის დაწყების თარიღი.

დღევანდელ სხდომას ესწრება 5 ბრალდებული: ირაკლი ფირცხალავა, ზურაბ მიქაძე, ალექსანდრე გვაზავა, დავით იაშვილი, გურამ დონაძე. რაც შეეხება საქმეში ბრალდებულ მეექვსე პირს, ზაზა ბაქრაძეს, ის საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფება და ძებნილია.

სასამართლო პროცესის დასაწყისში, სასამართლოს დარბაზში ბუტა რობაქიძის მამა და ბიძა იმყოფებოდნენ, თუმცა მათ პროცესის დასაწყისში სასამართლო დარბაზი დატოვეს.

დღევანდელ პროცესზე მყოფმა ხუთივე ბრალდებულმა ერთხმად აღნიშნა, რომ ისინი ბრალს არ აღიარებენ. ექვს ბრალდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 232-ე მუხლის შესაბამისად აქვს წარდგნელი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.