დავით ქოქიაშვილის ადვოკატმა სასამართლოზე 6 ათასი ლარის გირაოს შუამდგომლობა დააყენა

დავით ქოქიაშვილის ადვოკატმა სასამართლოზე 6 ათასი ლარის გირაოს შუამდგომლობა დააყენა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით კუდ-ის ყოფილი თანამშრომლის, დავით ქოქიაშვილის ადვოკატმა 6 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობა დააყენა. 

სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით დავით ქოქიაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სწორედ ამ წუთებში მსჯელობს.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, ქოქიაშვილი ავად არის და გამოძიებასთანაც თანამშრომლობს. მისივე თქმით, ქოქიაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

თბილისის საქალაქო სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის მიმართაც განიხილავს.

როგორც ყოფილი პრემიერის ადვოკატი ვარაუდობს, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ის პატიმრობაში იმყოფება, მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას კიდევ ერთხელ აღარ შეუფარდებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, რომელსაც სხვა ბრალდებების გამო უკვე შეფარდებული აქვს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, სასამართლო პროცესს არ ესწრება. დავით ქოქიაშვილი კი, სასამართლო დარბაზში იმყოფება.

პროკურატურამ მერაბიშვილისთვის ბრალის დამძიმებაზე განცხადება 25 ივნისს გააკეთა. იმავე დღეს დააკავეს ქოქიაშვილიც.

როგორც პროკურატურაში აღნიშნეს, "საქართველოს პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას უკანასკნელი წლების ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსულ საქმეზე, კერძოდ, სანდრო გირგვლიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის რეალური გარემოებებისა და წარმოებული გამოძიების ფალსიფიკაციის დადგენის მიზნით".