გრიგორი კარასინი ჟენევის მოლაპარაკებების შეწყვეტის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

გრიგორი კარასინი ჟენევის მოლაპარაკებების შეწყვეტის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ჟენევის მოლაპარაკებების შეწყვეტის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. 

"მოლაპარაკებების შეწყვეტის თეორიული შესაძლებლობა თანდათანობით პრაქტიკული ხდება", - ციტირებს გამოცემა "რეგნუმი" კარასინის სიტყვებს.

"რეგნუმის" ინფორმაციით, კარასინმა ჟენევის მოლაპარაკებების შეწყვეტის ალბათობაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც, მისი თქმით, საქართველოს ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის შესახებ კონსულტაციები დაბლოკა.

ჟენევის მოლაპარაკებების შეწყვეტის ინიციატივით გამოდის ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ გობოზოვიც.

"ამ დისკუსიების გამართვას აზრი არ აქვს. ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ტურიზმია და მეტი არაფერი", - დაწერა გობოზოვმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ჟენევის მოლაპარაკებების 24-ე რაუნდი 25-26 ივნისს გაიმართა. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელიც 2008 წლიდან იმართება, 16 ოქტომბერს შედგება.