ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ გიორგი მარგველაშვილი პირველივე ტურში მოიგებს

ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ გიორგი მარგველაშვილი პირველივე ტურში მოიგებს

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი არჩევნებს პირველივე ტურში და დიდი უპირატესობით მოიგებს. 

"კვლევები კვლევებია, მასში გარკვეული ცდომილება ყოველთვის არის ხოლმე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ დასვამ შეკითხვას, რა კუთხით შეეკითხები.

დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ პირველივე ტურში და დიდი უპირატესობით მოიგებს ჩვენი კანდიდატი", - განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ კველევასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკურ რეიტინგებსაც შეიცავს.

ამასთან, პრემიერი ფიქრობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი მეორე ადგილზეც ვერ გავა.

"ძალიან დიდი ალბათობით, მეორე ადგილზე ვერ გავა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, რამეთუ ამ პარტიის ავტორიტეტი ჩვენს ქვეყანაში ძალიან დაბალია", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა თავად კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, კვლევა მისთვის საინტერესოა, თუმცა აცხადებს, რომ "ვინაიდან ჯერ ადრეული ეტაპია და არც საარჩევნო სპექტრია ჩამოყალიბებული და არც არჩევნები დანიშნულა, ეს მხოლოდ წინასწარი მონაცემებია".

გუშინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ IRI-ის კვლევის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები მომდევნო კვირას რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 41% ქართული ოცნების" კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს მისცემდა ხმას. მეორე ადგილზეა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი - 11%-ით.