"საგამოძიებო სტრუქტურებში მიმდინარე პროცესები პოლიტიზებული არ არის"

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, საგამოძიებო სტრუქტურებში მიმდინარე პროცესები პოლიტიზებული არ არის. 

ამის შესახებ ალასანიამ თბილისის მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნების დაკავების კომენტირებისას განაცხადა.

"კონკრეტულად ამ სისხლის სამართლის საქმეს არ ვიცნობ, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ აბსოლუტურად არ არის პოლიტიზებული არც პრემიერის, არც შს მინისტრის მხრიდან ის პროცესები, რომელიც პროკურატურასა და საგამოძიებო სტრუქტურებში მიდის. თუ ვინმეს რამე გადაცდომა ჰქონდა, ეს გამოვლინდება და დამნაშავე იქნება დასჯილი", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის კუთვნილი თანხების მითვისება - გაფლანგვის ფაქტზე, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი და მთაწმინდა-კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე დააკავეს.