თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს

თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს

თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს. პროკურატურაში განცხადება გუშინ დილით დაკავებული 22 პირის სახელით შევიდა. განცხადებას თან ერთვის მათი ჩვენებები. 

განცხადების ავტორები მთავარი პროკურატურისგან მათი დაკავების ფაქტის გამოძიებას და იმ ადამიანების ქმედებების სამართლებრივ შეფასებას ითხოვენ, ვინც უკანონო დაკავების გადაწყვეტილებები მიიღო.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის მამუკა ახვლედიანის თქმით, პროკურატურაში შეტანილია სარჩელი 22 პირის სახელით, რომელსაც თან ერთვის მათი ჩვენებები იმასთან დაკავშირებით თუ რა მოიმოქმედა და რა უკანონო ქმედებები ჩაიდინა გუშინ ფინანსურმა პოლიციამ.

"მათ ქმედებებს მხოლოდ და მხოლოდ აღვირახსნილი ქმედებები შეიძლება ეწოდოს, რომელიც ყველანაირ კანონიერ ჩარჩოს სცდება. ამ ფონზე, როდესაც ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მიყვანა საგამოძიებო სამსახურში მოხდა მხოლოდ მოწმის სახით, ვინმეს თუ გინახავთ მოწმეები ბორკილებ დადებული ეტარებინოთ აქეთ-იქით?", - აცხადებს ახვლედიანი.

ამასთან, თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის ირაკლი აბესაძის თქმით, სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება უნდა იყოს გამოძიებული და ყველა დამნაშავე მკაცრად უნდა დაისაჯოს.