საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ჩამოყალიბდა როგორც სამხრეთ-კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი ფორუმი , – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის გახსნისას განაცხადა.
ირაკლი ალასანიამ კონფერენციის მონაწილეებს მიმართა და კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ჩამოყალიბდა როგორც სამხრეთ-კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი ფორუმი. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია უკვე მერვედ ტარდება. წლიდან წლამდე იზრდება ინტერესი კონფერენციისადმი და მისი რეპუტაცია და მასშტაბი. კონფერენციას უკვე საკუთარი ტრადიციები გააჩნია. კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის უკეთესად გააზრებისა და გაანალიზების პლატფორმის შექმნას, მოსაზრებებისა და იდეების გაზიარებას და დისკუსიების სტიმულირებას არსებული საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს გამოწვევებზე."
კონფერენცია ბათუმში დღეს გაიხსნა. ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები ევროატლანტიკური უსაფრთხოების, ნატოს გაფართოების, საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორების, ISAF-ის ოპერაციის, შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის და საქართველოს დემოკრატიული განვითარების საკითხებს განიხილავენ.
კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია უცხოელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრებს გამართავს.