დავით ბაქრაძე არჩევნებთან დაკავშირებით

დავით ბაქრაძე არჩევნებთან დაკავშირებით "ნაციონალების" მიერ "სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებას" არ გამორიცხავს

უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ "ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებას" არ გამორიცხავს.
აღნიშნული განცხადება ბაქრაძემ ჯერ კიდევ გუშინ, დილით, მას შემდეგ გააკეთა, რაც თბილისის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლების დაკავებისა და მათი საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე მიყვანის თაობაზე გახდა ცნობილი.

ბაქრაძეს გუშინ არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა არჩევნებთან დაკავშირებით სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებაში, თუმცა ამ კონტექსტში ხელისუფლების მხრიდან პარტიის ინფრასტრუქტურის დანგრევისა და მოშლის მცდელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"ველოდები, რომ უახლოეს საათებში პრობლემა გადაწყდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ იძულებული გავხდებით ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები მივიღოთ, მათ შორის, არჩევნებთან დაკავშირებით, რადგან რაც ხდება ეს არის პირდაპირი შეტევა პარტიის ინფრასტრუქტურის დანგრევის და მოშლის მიზნით", – განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ.

იმის მიუხედავად, რომ თბილისის საკრებულოსა და მერიის 22 წარმომადგენელი ფინანსურმა პოლიციამ 27 ივნისს რამდენიმე საათში გამოუშვა, სამართლდამცავებმა, გუშინვე მერიის ოთხი თანამდებობის პირი დააკავეს. გამოძიების საგანს თბილისის განვითარების ფონდიდან სოლიდური თანხების გაფლანგვა წარმოადგენს.

როგორც ცნობილია, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" დღეიდან საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერი აქვს დაანონსებული.