ბიძინა ივანიშვილი - ჩვენი უმთავრესი იარაღი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული განვითარებაა

ბიძინა ივანიშვილი - ჩვენი უმთავრესი იარაღი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული განვითარებაა

ჩვენი უმთავრესი იარაღი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული განვითარებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში , თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, სხვა ვერაფერი - ვერც ერთი მეთოდი, ვერც ერთი საშუალება და გზა ვერ უზრუნველყოფს ჩვენ წარმატებას.

"ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ნატო მხოლოდ სამხედრო გაერთიანება არ არის, ნატო ეს არის დიდი პოლიტიკური ერთიანობის მატარებელი ალიანსი და სწორედ ამიტომაცაა ის ჩვენი ქვეყნის არჩევანი. შეუძლებელია ეს არჩევანი გააკეთო გაუცნობიერებლად. მინდა დავადასტურო, რომ საქართველოს მთავარი პოლიტიკური ძალები მთლიანად ერთიანდებიან ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხზე და ვფიქრობთ, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება არც თუ შორეული პერსპექტივაა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, პრემიერის თქმით, კარგად იცის, რომ ეს რთული გზაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მტკიცე პოზიციაა, აღნიშნული გზიდან არ გადაუხვიოს.

"გარწმუნებთ, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მტკიცე პოლიტიკური ნება, არ გადაუხვიოს ამ გზიდან - ჩვენ ამ გზიდან არ გადავუხვევთ. ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით სწორედ იმიტომ, რომ საქართველოში გაგრძელდეს ნორმალური განვითარების კურსი, ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით იმისთვის, რომ საქართველო მსოფლიოს ღირსეული წევრი გახდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ გზაზე მხარს გვიჭერენ მეგობარი სახელმწიფოები", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.