გირგვლიანის საქმეზე დაკავებულ დავით ქოქიაშვილს აღმკვეთ ღონისძიებას სავარაუდოდ დღეს შეუფარდებენ

გირგვლიანის საქმეზე დაკავებულ დავით ქოქიაშვილს აღმკვეთ ღონისძიებას სავარაუდოდ დღეს შეუფარდებენ

სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაკავებულ დავით ქოქიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებას, სავარაუდოდ, დღეს შეუფარდებს. მას წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ბრალი გუშინ წაუყენეს.

ბრალის ოფიციალური წარდგინება ე.წ. მოდულის შენობაში გუშინ მოხდა. როგორც მოდულის შენობის დატოვების შემდეგ ქოქიაშვილის ადვოკატმა, თემურ კუტავაძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 144-ე პრიმა მუხლებით ოფიციალურად წარედგინა ბრალი. დაცვის მხარე ბრალის არც ერთ ნაწილს არ ეთანხმება. როგორც ადვოკატი აცხადებს, გირგვლიანისა და მასთან ერთად ოქროყანაში აყვანილი ბუხაიძის წამებაში ქოქიაშვილს მონაწილეობა არ მიუღია.

"რამდენადაც ვიცი, იმის დასადასტურებლად, რომ ქოქიაშვილმა წამებაში მიიღო მონაწილეობა, ბრლადების მხარეს არც ერთი მოწმე არ ჰყავს. რაც შეეხება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, ქოქიაშვილმა ამის თაობაზე მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც ეს პირები წაიყვანეს ოქროყანაში და მიხვდა, რომ გადაადგილება არ უკავშირდებოდა საგამოძიებო მოქმედებებს. იგი უკვე მომხდარი ფაქტის წინაშე დადგა", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, გირგვლიანის საქმეში ქოქიაშვილის მონაწილეობა მხოლოდ უფროსების დავალებით, ავტომობილის მართვით შემოიფარგლება. "მან გირგვლიანისა და ბუხაიძის ავტომობილით გადაყვანის დავალება მიიღო საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტისგან - გერონტი ალანიასგან", - განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, გირგვლიანის საქმეზე ქოქიაშვილს ჩვენება არაერთხელ აქვს მიცემული, მათ შორის აღიარებითი ჩვენება თავისი სურვილით. "მან აღიარებითი ჩვენება მისცა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არავინ არაფერს ედავებოდა. ეს იყო მისი ინიციატივა, გასული წლის დეკემბერში მივმართეთ მთავარ პროკურატურას თხოვნით, რათა დაეკითხათ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ საქმეზე. იბადება კითხვა, რატომ მანამდე არ მისცა გამოძიებას ჩვენება ქოქიაშვილმა. ეს იმიტომ, რომ მანამდე რომ ჩვენება მიეცა, შეიძლება ცოცხალიც არ ყოფილიყო, საფრთხე კი არსებობდა იმ ხალხისგან, ვის საწინააღმდეგოდაც მან მისცა ჩვენება", - განაცხადა ადვოკატმა და განმარტა, რომ ქოქიაშვილის პირველი ჩვენება, რომელიც გამოძიებას თავისი სურვილისამებრ მისცა, მისი უშუალო უფროსების საწინააღმდეგოა.

ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ დავით ქოქიაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობს და მან ბრალდების მხარეს მიაწოდა ისეთი ცნობები, რომელიც პროკურატურისთვის ღირებულია.
დავით ქოქიაშვილი პროკურატურამ 25 ივნისს დააკავა, რის შემდეგაც ე.წ. მოდულის შენობის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.