"ნაციონალური მოძრაობა" პრაიმერს დღეიდან 28 ივლისის ჩათვლით გამართავს

"ნაციონალური მოძრაობა" საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პარტიის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერს დღეიდან 28 ივლისის ჩათვლით გამართავს.

"ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურის ინფორმაციით, პრაიმერში მონაწილეობა შეუძლია საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში.

მონაწილე კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რაიონულ ორგანიზაციას, "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის არა ნაკლებ 5 წევრს და ფრაქციას ნებისმიერი მუნიციპალიტეტის საკრებულოდან.

პრაიმერში მონაწილე კანდიდატის წარდგინებას თან უნდა დაერთოს ამ კანდიდატის წერილობითი თანხმობა. კანდიდატის წერილობითი წარდგინება და თანხმობა გადაეცემა პრაიმერის ჩატარების საორგანიზაციო ჯგუფს 2013 წლის 21 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით.

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პარტიის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერი გაიმართება რეგიონალური კონფერენციების - დებატების პრინციპით.
რეგიონალური კონფერენციები გაიმართება იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, მცხეთა – მთიანეთში, კახეთში, ქვემო ქართლში, გურიში, სამეგრელო- ზემო სვანეთში, აჭარასა და თბილისში.

რეგიონალური კონფერენციების დებატები გაიმართება თემატური პრინციპით: ეკონომიკა, სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა, ადამიანის უფლებები, მართლწესრიგი და კანონის უზენაესობა, საგარეო პოლიტიკა და სხვა.

პრაიმერში გამარჯვებული კანდიდატი, რომელიც რეგიონალური კონფერენციებისა და ინტერნეტკენჭისყრის შედეგად ჯამში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, 28 ივლისს გამოცხადდება. იმ შემთხვევაში, თუ პრაიმერში მონაწილე კანდიდატებმა დააგროვეს თანაბარი ქულები, მათ შორის გამარჯვებული გამოვლინდება მეორე ტურით.