ანდრო ალავიძე გამოძიებისგან ითხოვს, გაარკვიონ რაში ედება ბრალი

ანდრო ალავიძე გამოძიებისგან ითხოვს, გაარკვიონ რაში ედება ბრალი

ყოფილი პარლამენტარი, გენერალური აუდიტორის კონსულტანტი ანდრო ალავიძე გამოძიებისგან ითხოვს, გაარკვიონ რაში ედება ბრალი. ანდრო ალავიძე წუხელ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან იმყოფებოდა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გამოძიება მისი პიროვნებით არ დაინტერესებულა და მასთან არავის დაურეკავს დაკითხვის მიზნით, თუმცა, ვიდეომასალაში, სადაც ნაჩვენებია, რომ გარკვეულ პირებს თანხა გამოაქვთ ბანკომატიდან, მათ შორის არის ანდრო ალავძეც.

მისი განმარტებით, გავრცელებული ინფორმაციით, ბანკომატიდან მან 853 000 ლარი გამოიტანა. ალავიძეს სურს გაარკვიოს, რაში ედება ბრალი და მზად არის სიმართლე დაამტკიცოს. ალავიძე საგამოძიებო სამსახურის საშვთა ბიუროშიც შევიდა და ცდილობდა იქ გაერკვია, როგორ უნდა დაკავშირებოდა გამომძიებლებს და მზად იყო მისი მობილურის ნომერიც დაეტოვებინა, მაგრამ საშვთა ბიუროში განუმარტეს, რომ მათ გამომძიებლებთან შეხება არა აქვთ და მის საკონტაქტო ნომერსაც ვერავის გადასცემენ.

როგორც ალავიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს და კრედიტებს იხდის, უახლოეს დღეებში იგი სასწავლბლად უნდა გამგზავრებულიყო უცხოეთში, თუმცა, მომხდარის გამო ყველაფერი გააუქმა და საქართველოში დარჩა.