გიგი უგულავა - NAC-ის სხდომაზე, ერთ-ერთმა მინისტრმა დაკავებებს საბოტაჟი უწოდა

გიგი უგულავა - NAC-ის სხდომაზე, ერთ-ერთმა მინისტრმა დაკავებებს საბოტაჟი უწოდა

NAC-ის გუშინდელ სხდომაზე, სავარაუდოდ, ევროიტეგრაციის მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა დაკავებებს საბოტაჟი უწოდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ საგანგებო განცხადებაში აღნიშნა და ხელისუფლებას უკანონო ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

" NAC-ის სხდომაზე ერთ-ერთმა მინისტრმა, თუ არ ვცდები პეტრიაშვილმა ამ საქმესთან დაკავშირებით ძალიან ამაყად განაცხადა, რომ ეს არის საბოტაჟი, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, ასეთი რამ დასაგმობია, ეს ყოველგვარი კანონის მიღმაა და ჩვენ ამ საბოტაჟს გამოვიძიებთ და აუცილებლად დაისჯებიან და ჩვენ არ ვგავართ ისეთ სულელებს, რომ ასეთი რამე ასეთ დროს გაგვეკეთებინა. არ ვიცი, არის ეს საბოტაჟი და ვის მიერ ჩადენილი, თუ არის ეს სულელური ნაბიჯი მთავრობის მიერ გადადგმული, მაგრამ ფაქტი სახეზეა, დღეს, ამ წუთას, დაახლოებით 150-მდე ფინანსური პოლიციის თანამშრომელი გამოსულია იმისთვის, რომ შეუვარდეს სახლებში ხალხს და დააპატიმროს, მაშინ, როცა ეს ხალხი არსად არ გარბის", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, ისევე, როგორც დილის ნადირობას, ამას აქვს ერთადერთი მიზანი, ეს არის დანიშნება და "საკუთარი თავის დარწმუნება, რომ ვარ ძლიერი და რომ ყველაფრის გაკეთება შემიძლია, რომ მე უკან არ ვიხევ". "და, სავარაუდოდ, ამ ლოგიკით ხელმძღვანელობდა დღეს საღამოს დელეგაციის გასტუმრების შემდეგ თათბირზე ივანიშნილი. მე მაქვს ინფორმაცია, რომ სწორედ მასთან დაიგეგმა ეს ყველაფერი და რომ ძილისპირულის წინ მან დავალება გასცა, ყველა ის ადამიანი აი ასეთი ფორმით საჯაროდ, დააკავონ, იმისთვის, რომ სხვებისთვის ეს იყოს ჭკუის სასწავლებელი. ეს სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლებით ტრფობა, ეს არის კანონის უხეში დარღვევა, ეს არის ადამიანების ფუნდამენტური უფლების შელახვა", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.