გიგი უგულავა ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს

გიგი უგულავა ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს "ტერორი, აღვირახსნილი უკანონო ქმედებები და ოჯახების დაწიოკება"

თბილისის მერი გიგი უგულავა ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს "ტერორი, აღვირახსნილი უკანონო ქმედებები და ოჯახების დაწიოკება". როგორც თბილისის მერმა საგანგებო განაცხადაში აღნიშნა, იმის მაგივრად, რომ საგამოძიებო სამსახურს აელაგმა საკუთარი ქვეშევრდომების თავნებობა, დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა ის ბრალდებები, რა ბრალდებებითაც ეს ხალხი თითქოსდა უნდა ყოფილიყო დაპატიმრებული.

"საღამო მშვიდობისა, თუმცა მშვიდი იგი ალბათ ბევრისთვის არ არის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც რამდენიმე საათის წინ ოჯახში შეუვარდა ფინანსური პოლიცია და ძალის გამოყენებით დღეს მეორეჯერ იქნა დაპატიმრებული. მე ამ ეტაპზე შეგნებულად არ შევალ დეტალებში და არ დავიწყებ ამ საქმის განხილვას, რადგან მიმაჩნია, რომ ამისთვის არის სასამართლო და არაერთი საქმე მიდის სასამართლოში და ჩვენ ჩვენი სიმართლის დამტკიცებას, დარწმუნებული ვარ შევძლებთ, თუმცა, ბუნებრივია, დიდ სკეპტიციზმს იწვევს ის ნაჩვენები კადრები, რადგან ბანკომატიდან ასეთი დიდი ოდენობით ფულის გამოტანა პრაქტიკულად შეუძლებლად მიმაჩნია და ასევე, ვისაც უსარგებლია ბანკომატით, ნებისმიერის კადრის ამოღებაა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ეს საბუთები ბუნებრივია ეჭვს იწვევს, თუმცა, მე შენგებულად ხაზს ვუსვამ ამ საქმის დეტალებში არ ვაპირებ ჩაწვდომას ამ ეტაპზე", - აღნიშნა უგულავამ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ახლა რაც ხდება და ის "აღვირახსნილი ნადირობა, რაც მთელი დღის განმავლობაში ხდებოდა", ამ ღამით გაათკეცებული ფორმით მიმდინარეობს. მისი თქმით, ამ დროისთვის დაპატიმრებულია უკვე 4 პიროვნება.

"აგერ მერიის გარშემო დაბურულ შუშიანი ფინანსური პოლიციის მანქანები სვავებივით ბინადრობენ, სავარუდოდ, მათ სურვილი აქვთ რამდენიმე ჩვენი თანამშრომლის დაპატიმრების. მე მიმდა მივმართო ყველას, ვისაც ეს ეხება, შეწყვიტონ ტერორი, შეწყვიტონ აღვირახსნილი უკანონო ქმედებები, შეწყვიტონ ოჯახების დაწიოკება. გამოგზავნონ შესაბამისი უწყებები, არავინ დამალულა და დამალვას არავინ აპირებს. მეტსაც შევთავაზებდი მინისტრს, თუ ეს ეხება ხადურს, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ამას ბატონი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, მოგვაწოდეთ თუ გნებავთ გვარები და თავის ფეხით მოვა ეს ხალხი, შეწყვიტეთ ოჯახების დატერორება. ეს არის ჩვენი მოთხოვნა", - მიმართა ხელისუფლების წარმომადგენლებს უგულავამ.