მამუკა ახვლედიანი - დაშინებით ცდილობენ საკრებულოში საწადელი ოცნების მიღწევას - უმრავლესობის დაშლას

მამუკა ახვლედიანი - დაშინებით ცდილობენ საკრებულოში საწადელი ოცნების მიღწევას - უმრავლესობის დაშლას

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა ახვლედიანმა თბილისის მერიის ოთხი მაღალჩინოსნის დაკავების შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მამუკა ახვლედიანმა განუცხადა, მისთვის ცნობილია მხოლოდ ოთხი პირის დაკავების შესახებ. ესენი არიან დედაქალაქის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი დავით ავალიანი, ძველი თბილისის რაიონის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხაიძე და თბილისის მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ლექსო თაბუაშვილი.

ახვლედიანისთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ამ პირების დილით დაკავება და შემდეგ გამოშვება, თუ მათ 50 მლნ ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს აღნიშნული დაჭერები 37-იან წლებს ახსენებს და აცხადებს, რომ ასეთი მეთოდებით სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში ვერ მიიღწევა.

ახვლედიანის განცხადებით, აღნიშნული დაჭერებით საკრებულოს დეპუტატებზე ზეწოლას ახორციელებენ. "დაშინებით ცდილობენ საკრებულოში საწადელი ოცნების მიღწევას: უმრავლესობის დაშლას და ახალი უმრავლესობის წარმოქმნას", - აღნიშნა ახვლედიანმა.