არასამთავრობოების შეფასებით, გუშინდელი მოვლენებისას, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების მიმართ ბევრი დარღვევაა გამოვლენილი

არასამთავრობოების შეფასებით, გუშინდელი მოვლენებისას, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების მიმართ ბევრი დარღვევაა გამოვლენილი

ასამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გუშინ დაკითხული თბილისის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებისგან მათი დაკავების პროცედურებზე ინფორმაციები მოისმინეს. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, გუშინ განვითარებულ მოვლენებში ბევრი დარღვევაა გამოვლენილი. როგორც "ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ თბილისის მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდარში იკვეთება დანაშაული. კერძოდ, მისი თქმით, ამ ფორმით დაკითხვას კანონით გათვალისწინებული პროცედურები არ ითვალისწინებს.

"ამ ამბავში შეიძლება იყოს დანაშაულის ნიშნები იქიდან გამომდინარე, რომ ამ ადამიანების დაკავებისას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები დარღვეულია. ამ ფორმით დაკითხვა კანონით გათვალისწინებული არ არის. ეს შეიძლება შეადგენდეს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და განზრახ უკანონო დაკავებას გულისხმობს", _ განმარტა კახა კოჟორიძემ.

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" წარმომადგენლის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, პროცედურები დარღვეული იყო როგორც საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლების დაკავების, ასევე, მათი გათავისუფლების დროს. "ფორმალურად რაც მოვისმინეთ ინფორმაცია, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ყველა პირის მიმართ დარღვეულია პირადი ხელშეუხებლობის უფლება. მათ მიმართ დარღვეული იყო როგორც დაკავების, ასევე, გათავისუფლების პროცესი. გათავისუფლება უნდა მომხდარიყო პროკურორის გადაწყვეტილებით და დადგენილებით. ასევე, დაკავებულებს არ მიეცათ ადვოკატის აყვანის საშუალება", – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენლის, ეკა გიგაურის თქმით კი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უნდა გააკეთოს განმარტება განხორციელებული დაკავებების შესახებ. "იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც ჩვენ მოვისმინეთ და მართლაც ასე ჩანს, ბევრი პროცედურული დარღვევა იყო. ამაზე შესაბამისი განმარტება უნდა გააკეთოს ფინანსთაAსამინისტრომ. აქ არ არის საუბარი იმაზე, ეს ადამიანები დამნაშავეები არიან თუ არა, მთავარი არის ის, რომ თუ ხელისუფლებას გამოძიების მიმართ ნდობა სურს, აუცილებელია ყველაფერი ჩატარდეს პროცედურების დაცვით, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ასე არ ყოფილა", _ აღნიშნა ეკა გიგაურმა.

გუშინდელ შეხვედრას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ესწრებოდა, მათ შორის IღI, საია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო", "სამართლიანი არჩევნები", NDI, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", სახალხო დამცველი და სხვ.